საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებგვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა.
აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას. ბრალდებულებმა, უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განახორციელეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში და შეიძინეს ორი ავტომობილი.
გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ნაწილი 52 000 აშშ დოლარის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.