„მაისის სტუდენტური მოძრაობა“: უსაფრთხოების სამსახურმა თსუ-ის ბიბლიოთეკაში ბარიკადები დაშალა

პუბლიკა

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მათი ბარიკადები დაშალეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სტუდენტური მოძრაობის თქმით, თსუ-ის ბიბლიოთეკაში ბარიკადების დასაშლელად უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების სამსახური ძალადობრივად შევიდა.

„დაკავებული გვქონდა თსუ-ის ბიბლიოთეკა. ადმინისტრაციამ და რექტორატმა გადაწყვიტა, რომ შემოვარდნილიყვნენ არა დაცვის თანამშრომლები, არამედ, […] უსაფრთხოების სამსახური მუშტის ღერებითა და ძალადობით. შემოანგრიეს ბარიკადები, რომელიც აქ გვქონდა და ძალადობით შემოვიდნენ აქ. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს დასასრული არ არის. უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი თანატოლები, ჩვენი სტუდენტები, უნდა აშენდეს საერთო საცხოვრებელი, უნდა გაიზარდოს სტიპენდია, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ მოხდეს ასეთი რამ!“ — აცხადებს „მაისის სტუდენტური მოძრაობა“.

სტუდენტებმა თსუ-ის ბიბლიოთეკა 22 იანვარს დაიკავეს. ისინი ითხოვენ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, სტიპენდიის საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდას, განათლებისთვის დაფინანსების გაზრდასა და ყოველწლიური მაღალი გადასახადის გაუქმებას.