„ბათუმელების“ ცნობით, თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“.
მე ვუპასუხე: „აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?“ – წერს თემურ ქათამაძე.
თემურ ქათამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მას აგინებდნენ და რასისტულად მიმართავდნენ.
„ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინეს 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.
მე ვუპასუხე: „თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი“.
მიპასუხეს – „მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად].
შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის მხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი,“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძემ ციხიდან გამოუგზავნა.
წერილში თემურ ქათამაძე აღწერს თუ რა ვითარებაში ხდებოდა დაკავების ოქმების შედგენა როგორც მისთვის, ასევე სხვა დაკავებულებისათვის.
„ჯერ გაამზადეს ერთი შაბლონური ოქმი, დატოვეს მხოლოდ ცარიელი ადგილი – თარიღის, საათის, დაკავებულის სახელი და გვარისთვის. შემდეგ თითო-თითოდ დაუძახეს პოლიციელებს და [უთხრეს] „შენ ეს დააკავე, შენ ეს პირი დააკავეო“. ყალბი დაკავების ოქმები… აქციის მონაწილეები სხვა პოლიციელებმა დააკავეს, მაგრამ სხვა პოლიციელებს მიაწერეს“.
თემურ ქათამაძე წერილში წერს, რომ წლების განმავლობაში მიმართავდა ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, თუმცა ვერ მიიღო. ამის გამო ის მუდმივად აკრიტიკებდა მმართველ პარტიას. სწორედ ამ პროტესტს უკავშირებს საკუთარ დაკავებას 11 იანვარს. ის წერილში დეტალურად აღწერს მისი დაკავების გარემოებებს.
„ქართულმა ოცნებამ“ 11 იანვარს აქციაზე უკანონოდ დამაკავა. მე აქციის შუაგულში, წინა ხაზიდან 20 მეტრში, ხელში დროშით და სასტვენით ვიდექი. ჩემს წინ დაკავებები მიმდინარეობდა. 10 პოლიციელი შემოვარდა ხალხში, ერთი დააკავეს და შემდეგ ჩემკენ წამოვიდნენ. ერთი პოლიციელი შემახტა და ჩემი ქართული დროშის ტარი შუაზე ჩამიტეხა. იმ წუთას მომესმა „მედროშე ბაბუც დააკავეთო“.
ძირს დამაგდეს, ხელებით, ფეხებით და გრძელი თმით, მკლავების გადაგრეხით შემათრია სამმართველოს შენობაში 10-მა პოლიციელმა და სახეზე მცემეს.
ამავდროულად უცენზუროდ მაგინებდნენ ყველანი. ბრძანებას აძლევდა ირაკლი დგებუაძე და გელა ბასილაძე.
მე აქციაზე ვინმე პოლიციელზე არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია და არც „რუსებო, ღორებო, მონებო“ არ მითქვამს. მარტო მე კი არა, ვინმეს არ უთქვია, არცერთ პროტესტანტს. ეგ სიტყვები თვითონ პოლიციელებმა შეკერილ ოქმებში მოიგონეს,“ – წერს თემურ ქათამაძე „ბათუმელებს“.