საგამოძიებოს თქმით, მზია ამაღლობელის საქმეზე 10 პოლიციელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე გამოჰკითხეს

პუბლიკა

„ბათუმელების“ ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე ჯამში 10 პოლიციელი გამოჰკითხეს, მათ შორისაა ირაკლი დგებუაძეც, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია.

„სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მზია ამაღლობელთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის 10 თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე. პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების კომენტარიდან ასევე ირკვევა, რომ გამოძიება დაწყებულია მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე, და რომ „კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს, როცა ამის საფუძველი არსებობს“.

რაც შეეხება მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს პროკურორი, შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობა სცილდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს“. მიუხედავად ამისა, მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ ვინაიდან საქმეს ეს უწყება იძიებს, ისინი ვალდებული არიან, შეაგროვონ მტკიცებულებები.


„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 1

1 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

„მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, – აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.