საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უწყება წერს, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები იმართება. ასლან ბჟანიამ პოსტი 2024 წლის 19 ნოემბერს დატოვა და ის ე.წ. არჩევნებში არ მონაწილეობს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.
ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.