შსს 350 სამკერდე კამერას და მეხსიერების ბარათებს ყიდულობს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 350 ცალ სამკერდე კამერას და კამერის მუდმივ ლიცენზიას ყიდულობს, რისთვისაც 849 500 ლარია გათვალისწინებული.

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კამერების შესყიდვა განპირობებულია პატრულის საშტატო რაოდენობის ზრდითა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად.

„გაცნობებთ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან ოფიცრის სამკერდე კამერებით.

არსებული მდგომარეობით, სამსახური იყენებს კომპანია „AXON“-ის წარმოების „BODY 2“ მოდელის სამკერდე კამერებს. მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს კამერებისა და მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო მუდმივი ლიცენზიის შესყიდვა.

საჭიროება განპირობებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების საშსტატო რიცხოვნობის ზრდით, რომელთაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა გამოიყენონ სამკერდე კამერები.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის გაზრდამდეც არ იყო სრულად დაკომპლექტებული სამკერდე კამერებითა და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ლიცენზიებისათვის“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ამავე განაცხადის მიხედვით, ამ მოდელის კამერები 2018 წლიდან გამოიყენება და უწყებას დღეს 2907 ერთეული  სამკერდე კამერა აქვს.

AXON-ის დისტრიბუტორი საქართველოში შპს „ენ ჯი თი ჯგუფია“.

შსს ასევე გეგმავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენის მიზნით ფლეშ მეხსიერების ბარათების შესყიდვას. ღირებულება 3210 ლარია.

განაცხადით ირკვევა, რომ უწყებას ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული, თუმცა სანამ ამ ტენდერის შედეგები იქნება, შსს წერს, რომ საჭიროა მეხსიერების ბარათების უმოკლეს ვადაში, ტენდერის გარეშე შესყიდვა.

„ფლეშ მეხსიერების ბარათების, DVD-R დისკების, CD-R დისკების და მეხსიერების ბართების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მიმდინარეობს პირველი დაბალფასიანი პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შერჩევა-შეფასება.

სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით სატენდერო პროცედურების დასრულებას და მასში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფლეშ მეხსიერების ბარათების შემსყიდველისათვის მიწოდებას დასჭირდება გარკვეული ვადა (სავარაუდოდ 25-30 კალენდარული დღე), შესაბამისად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, ხელი არ შეეშალოთ დიდი მოცულობის მტკიცებულებების წარდგენის პროცესში, რაც უარყოფითად აისახება როგორც სამინისტროს იმიჯზე ასევე შსს სტრუქტურული დანაყოფების გამართულ ფუნქციონირებაზე, საჭიროა ზემოაღნიშნული დანაყოფისთვის უმოკლეს ვადებში ფლეშ მეხსიერების ბარათების შესყიდვა“, – აცხადებს შსს.


პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული წარმოება ასობით მოქალაქის მიმართ აქვს დაწყებული, რომელთა უმრავლესობას 10-ჯერ გაზრდილი ადმინისტრაციული სახდელები აქვს დაკისრებული [გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზარდა].

სასამართლოში უწყება მათ წინააღმდეგ, ძირითადად, მოწმე პოლიციელის ჩვენებებს ან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს წარადგენს. ადმინისტრაციულ საქმეთა უმრავლესობაში, სადაც მტკიცებულება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაა [და მის მიერ შედგენილი ოქმი], უწყებას სამხრე კამერის ჩანაწერები არ აქვს წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები ამბობენ, რომ მათი კამერა დამჯდარი ან დაზიანებული იყო ან თავად მოიხსნეს დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლოს შესული ცვლილებით, შსს-ს შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების პრეროგატივა მიენიჭა. ეს საქმეები სასამართლოს განსასჯელი აღარაა, თუ მოქალაქე ჯარიმას არ გაასაჩივრებს.