საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ის ფონდები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს ეხმარებოდა, დააყადაღეს „საბოტაჟზე“ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
უწყების ცნობით, დაყადაღებულია ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“; ა(ა)იპ „ფროსფერითის“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ს“; ა(ა)იპ „სირცხვილიას“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები და ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
გამოძიება, რომელზეც პროკურატურა მიუთითებს, 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლა მიმდინარეობს „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით“.
პროკურატურა ირწმუნება, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას მიმდინარე საპროტესტო აქციებმა და მარშებმა „დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს“.
უწყების განცხადებით, „ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ე.წ. რესპირატორებით, „სპეციალურ აირწინაღებით“, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური“.
„ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების პარალელურად, საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს“, – ირწმუნება პროკურატურა.
უწყება აცხადებს, რომ სწორედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლეს იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების ტრანზაქციები, „რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას“.
პროკურატურის მტკიცებით, ამ სახსრების შეგროვება ხშირად სწორედ ფონდებით ხდებოდა.
„დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – წერს უწყება და ამტკიცებს, რომ ამ იურიდიულმა პირებმა 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
პროკურატურა ამბობს, რომ ხდებოდა „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების წახალისება“ და ფულის ჩარიცხვა ამ დანიშნულებებით: „აქციისთვის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შეძენა“ და სხვა.
უწყება ირწმუნება, რომ სწორედ „ფონდები აფინანსებდნენ სამართალდამცველებზე თავდამსხმელ ძალადობრივ ჯგუფებს“.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია, გრძელდება.
პროტესტის პირველ დღეებში „ოცნებამ“ თავისი ანტირუსული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი დაუპირისპირა.
ნიღბიანი პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც არ ხდება, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს, მათ ნაწილს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ამასთან, დემონსტრანტები გაძარცვეს – წაართვეს ტელეფონები.
შემდეგ კი სასამართლომ მათი დიდი ნაწილი სამართალდამრღვევად ცნეს და დააჯარიმეს. სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია 50-მდე ადამიანი.