SJC: ფონდების დაყადაღება პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სხვადასხვა ფონდისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღებას. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს, გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და აქციების მონაწილეთა დასჯას.

„ჩვენი შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა, რომელიც ხელყოფს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცულობას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიულ მცდელობას  წარმოადგენს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

SJC აღნიშნავს, რომ პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

„მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ფონდებისათვის ყადაღის დადების საქმეზე ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით და რა შინაარსით არის ყადაღა დადებული, პროკურატურის მსჯელობაში უკვე ჩანს რამდენიმე ძირეული სამართლებრივი პრობლემა:

1. პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარება, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე მოქალაქეებისთვის არაპროპორციული ჯარიმების გადახდა საზოგადოებრივი ფონდების მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ წარმოადგენს უკანონო საქმიანობას და ის არ შეიძლება კონკრეტული პირების დევნის საფუძველი გახდეს. ზემოთ განხილული ფონდების მიზანი “ქართული ოცნების” ავტორიტარული და რეპრესიული პრაქტიკების შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა და სრულად ექცევა კანონით დადგენილ ფარგლებში;
2. პროკურატურის მიერ დასახელებული საგნები, რომელთა შეძენასაც ფონდები აქციებთან კავშირში ახდენდნენ (პიროტექნიკა, რესპირატორები, აირწინაღები, ჩაფხუტები) არ წარმოადგენს/არ წარმოადგენდა უკანონო საგნებს და შესაბამისად, მათი შეძენის გამო ფონდებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება აშკარად თვითნებური და უკანონოა;
3. პროკურატურის განცხადებაში არ ხდება ფონდების დიფერენცირება, მათი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზება და დასაბუთება, თუ კონკრეტულ ფონდებს რაზე ედავებიან. მათ შორის, მიღებული გადაწყვეტილებით არ არის გათვალისწინებული ის განუზომელი და შეუქცევადი ზიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (მაგ., ადამიანის უფლებათა სახლი) ყადაღის დადებას შეიძლება მოჰყვეს და უხეშად დაარღვიოს მათი გაერთიანების თავისუფლება“, – წერს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ აგრძელებენ საკითხის შესწავლას და ფონდებისათვის სასამართლოს განჩინებების ჩაბარებისა და ანალიზის შემდგომ საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს წარუდგენენ.