ორგანიზაციები „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობენ

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას.

მათი თქმით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 145 ინციდენტი დაფიქსირდა.

ათობით ჟურნალისტი არაერთხელ გახდა სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე. დღემდე არც ერთი დამნაშავე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული. არსებული გარემო სრულიად ნათლად აჩვენებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში სუფევს. ეს არის იმ პოლიტიკური რეჟიმის პირდაპირი შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმართავს, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები სრულად იგნორირებულია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს:

„ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.

„მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას“, – აცხადებს საია.


როგორც „TV პირველის” ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი აცხადებს, გადაღებაზე მარტყოფში იმყოფებოდნენ – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზების გასარკვევად მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, რა დროსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამა მათ თავს დაესხა, წაართვა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა, ფიზიკურად გაუსწორდა მას და ოპერატორს, ნუკრი ქაფიაშვილს.