პირველივე სიმპტომის გაჩენისას მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-ზე - გახარია

პუბლიკა

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს როგორც კი რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება – სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიფოს 112. 112 მას მაშინვე დააკავშირებს მის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ე.ი. ზარი შემოდის თბილისში საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე „ჩეკ ლისტის“ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონული ცხელების ცენტრში, სადაც 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშა. შემდეგ მას უტარდება ტესტირება და მიიღებენ  გადაწყვეტილებას, რომელ სტაციონარში გადაიყვანენ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს მოქალაქე. მას პირველივე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ტელემედიცინის მომსახურება”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, აღნიშნული მექანიზმით იზოგება სასწრაფო დახმარების რესურსი. ასევე, სტაციონარები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით COVID19-თან საბრძოლველად არის გამოყოფილი, საჭიროა იყოს მიზნობრივად დატვირთული.

„შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6 პროცენტი ბრუნდება უკან 112-ზე, რომ გადავიდეს სასწრაფო მომსახურების დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოჯახისა და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც მათ ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ხაზი COVID 19-თან ბრძოლის. სწორედ ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, სახლში უნდა დარჩეს  თუ სტაციონარს უნდა მიმართოს. თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID 19, თუ სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას, ის სტაციონარები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით COVID 19-თან საბრძოლველად არის გამოყოფილი, იყოს მიზნობრივად დატვირთული. მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.