უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა

პუბლიკა

მასალა განახლებულია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. 

უკრაინა აცხადებს, რომ ატარებს „ფართომასშტაბიან სპეციალურ ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავს მტრის ბომბდამშენების განადგურებას“.

Українська правда-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაზიანდა ან განადგურდა 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-95 და Tu-22M3, ასევე ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის საჰაერო ხომალდი А-50.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავები ამჟამად ბელაიას, დიაგილევოს, ოლენიას და ივანოვოს აეროდრომებზე იწვის.

უკრაინული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო ოპერაციის კოდური სახელია „ობობის ქსელი”. Unian-ის ინფორმაციით, ამ სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაზე უკრაინის დაზვერვა 1.5 წელი მუშაობდა.

ოპერაციის დეტალების შესახებ უკრაინული მედია Pravda.ua წერს. მედიის ინფორმაციით, ოპერაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა, ხოლო გეგმას SBU-ს ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი ახორციელებდა.

წყაროს ცნობით, სამხედრო ოპერაცია ლოგისტიკური თვალსაზრისით „უკიდურესად რთული” იყო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა „პრავდას” უთხრა, რომ:

„სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში ჯერ FPV დრონები გაგზავნა, შემდეგ კი მობილური ხის სახლები. მოგვიანებით, რუსეთის ტერიტორიაზე, დრონები სახლების სახურავების ქვეშ დამალეს, რომლებიც უკვე სატვირთო მანქანებზე იყო განთავსებული. შესაფერის მომენტში, სახლების სახურავები დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსული ბომბდამშენების დასაბომბად გაფრინდნენ.“

„ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან. ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი”,  – თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა დაზიანდა. 

მათივე ცნობით, იერიშის შედეგად განადგურდა რუსეთის საკვანძო ავიაბაზებზე მყოფი სტრატეგიული ფრთოსანი სარაკეტო მატარებლების 34%.