ჰერჩინსკი: წევრი ქვეყნების უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიდის დისკუსია „ქართული ოცნების“ ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯების შესახებ, თუმცა მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია.

„ჩვენ ქართველებს მივეცით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის. სამი წლის წინ, როცა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის განაცხადი გააკეთა, 2022 წელს ჩვენ საქართველოს ოფიციალურად მივანიჭეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თითქმის ერთი წელია, სამწუხაროდ, ევროკავშირი-საქართველო ურთიერთობა არ მიდის კარგად. მე ქართველებს ღიად ვეუბნებოდი, რომ სიტუაცია უდაბლეს ნიშნულზეა და უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ანალიზი – ჩვენ, ევროკავშირმა რა უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, კანონებს, რაც აშორებს საქართველოს EU-სგან. და კითხვა, რა თქმა უნდა, ეხება იმას, არის თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა კვლავ დამსახურებული?

ამასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის მიდის დისკუსია და ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ეს დამოკიდებულია წევრ სახელმწიფოებზე და იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, საჭიროა ორი მესამედის მხარდაჭერა. ეს განხილვა უკვე არაერთი თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და შემიძლია გითხრათ, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. ძალიან მარტივი მიზეზით: ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებების, ქმედებებისა და კანონმდებლობის გამო, რაც საქართველოში ხელისუფლებამ შეიმუშავა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ეხებათ და არა – რიგით მოქალაქეებს, თუმცა დისკუსია გრძელდება.