ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარემ კი ბრალდებულის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იშუამდგომლა.
რომეო მიქაუტაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ედება. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სხდომის დაწყებამდე მიქაუტაძის ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ ბრალი უსაფუძვლოა.
„რადგან კორუფციულ დანაშაულზეა საუბარი, შესაძლოა ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქმე ეხება რომეო მიქაუტაძის მხრიდან ბიუჯეტის თანხების მითვისებას, ან მოპარვას. ეს ასე არ არის. მას ედავებიან, თითქოს ბიზნესსაქმიანობას ახორციელებდა, რის უფლებაც ჩინოვნიკს არ აქვს, თუმცა ის საქმიანობა, რომლის მიხედვითაც მას ბრალი ედება, სამეწარმეო საქმიანობას არ წარმოადგენს.
ასევე, მას ედავებიან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თითქოს ის თავის გავლენებს, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას იყენებდა, თუმცა ბრალდება არ აკონკრეტებს, რაში გამოიხატებოდა მისი მხრიდან გავლენის გამოყენება, ასევე არ კონკრეტდება, ვინ არიან ის პირები, რომლებსაც ის ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის დროს მიმართავდა. ასევე არ არის დაკონკრეტებული იმ სარგებლის შესახებ, რომელიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანიებმა მიიღეს. […]
როდესაც მსგავსი საქმეები სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს, პირველი, რაც ხდება, არის ის, რომ ბრალდებულს ეძლევა საშუალება, ახსნას და დაასაბუთოს ქონების წარმომავლობა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ უკანონოდ არის მოპოვებული. მოცემულ შემთხვევაში მისი არცერთი ოჯახის წევრი არ არის გამოკითხული, მათ არ მიეცათ საშუალება, რომ ქონების წარმომავლობა აეხსნათ. ახსნიან, რა თქმა უნდა – მის ოჯახს სესხის სახით აღებული აქვს 5 მილიონი დოლარი, შესაბამისად, ყველა ის თანხა, რომელზეც ბრალდების მხარე საუბრობს, იფარება ამ სესხით. ის ასევე 2017 წლამდე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას, მის საკუთრებაში იყო 2 ჰესი, რომელიც გაყიდა, საიდანაც დიდი შემოსავალი მიიღო“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურის ბრალდების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე, რომელიც 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურა წერს:
„2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.
ბრალდებულმა კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობასაც ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები: 2023 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო.
აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე. ვინაიდან აღნიშნული 600 000 ევროს ( 1 713 600 ლარის) ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების შეთანხმების შედეგად, დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას.
რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს.
აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.
გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ხსენებული მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია“.
რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.