მწარიაშვილი: მზიას მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება

პუბლიკა

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ის მზიას დაპატიმრების შემდეგ გაუარესებულია.

მაია მწარიაშვილმა აქცენტი მხედველობაზე გააკეთა.

ადვოკატის თქმით:

„4 თებერვლის ანალიზის დოკუმენტის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში მხედველობა აქვს 0.04%.

6 თებერვალს ჩატარებული კვლევით მარჯვენა თვალზე მხედველობა 10%-ზე ჩამოვიდა. სათვალის გამოყენებით ეს შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40%-მდე, როცა დაკავებამდე სათვალით შეეძლო 90%-მდე გაეზარდა მარჯვენა თვალში.

მარცხენა თვალში 0.04%, შესაბამისად, მარცხენა თვალში გარჩევადობა მხოლოდ სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზეა. ძალიან დაბალი მხედველობა აქვს მეორე თვალში, რამაც კიდევ უფრო დაიკლო“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.