მედიისთვის სასამართლოს სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება - ახალი კანონპროექტი

პუბლიკა

„ოცნების“ ახალი კანონპროექტით, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ცვლილებების შედეგად, იზღუდება მათ შორის სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება. პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.

რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერას – დაიშება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ამასთან, სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

ინიცირებული კანონპროექტში მედიასთან დაკავშირებული მუხლი პირობითად სამი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს შემდეგს:

1 – სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.

2 – სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არეწინააღმდეგება კანონს.

3 – სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით”.

დღეს მოქმედი ნორმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა.

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ ნორმით ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. კანონში ამ ჩანაწერსაც აუქმებენ. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.

პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ნიშნავს, რომ მას მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით მიიღებენ.