თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება

პუბლიკა

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.

კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად – 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.

„I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, – თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს – ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.

კალაძის რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომლებსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შესრულებული ექნება მინიმუმ 2 წელი.