სოციალური სამართლიანობის ცენტრი კრიტიკულად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე ცვლილებებს

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება უსაფრთხოების სექტორში ბოლო კვირებში განხორციელებულ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ ის მთლიანობაში სექტორის პოლიტიზაციისა და ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნებისთვის ძალოვანი უწყებების მობილიზაციის საგანგაშო ნიშნებს ატარებს. ორგანიზაციით შეფასებით, ეს ტენდენციები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებასა და მწვავე საფრთხეების მიმართ მედეგობის რღვევას გამოიწვევს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო კვირებში „ქართულმა ოცნებამ” მიიღო არაერთი ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც ძირეული ცვლილებები გამოიწვია უსაფრთხოების სისტემის შიგნით, მათ შორის შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაიწყო დაზვერვის სამსახურის სუსთან გაერთიანების საკანონმდებლო პროცესი, და დაანონსდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება.

ეს ყოველივე კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია დემოკრატიული უკუსვლის, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და არა-ანგარიშვალდებული ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი საუბრობს სუსის ახალ უფროსზე, ანრი ოხანაშვილზე, რომელიც „ოცნების” პარლამენტმა 4 აპრილს დაამტკიცა – ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ანრი ოხანაშვილი იყო პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, სუსში გადანაცვლებამდე კი იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მას მჭიდრო პერსონალური კავშირი აქვს ირაკლი კობახიძესთან და პრაქტიკულად არ აქვს უსაფრთხოების სისტემაში და საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.

სულ მცირე ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია დემოკრატიულ რეალობაში უკვე იქნებოდა მაღალი სამოქალაქო და საპარლამენტო შემოწმების წინაპირობა, რადგან აშკარაა, რომ ის ვერ იქნება პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი.

პოლიტიკური ნეიტრალობა კი სუსის საქმიანობის ფუნდამენტური სახელმძღვანელო პრინციპია, რომელიც კანონითაა განმტკიცებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სუსის პოლიტიზება ყოველთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა, თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის დამტკიცება ამ მხრივ ახალ შრეს იძენს.

„ერთპარტიული პარლამენტის მიერ „ქართული ოცნების“ წევრისა და ირაკლი კობახიძის პირადი კადრის სუსის ხელმძღვანელად დანიშვნა, ყოველგვარი კრიტიკული განხილვებისა და დელიბერაციის გარეშე, სუსს იმ მინიმალურ ინსტიტუციურ თუ პერსონალურ აგენტობასაც უკარგავს, რაც, უწყების წინამორბედ ხელმძღვანელებს შესაძლოა გარკვეული ხარისხით მაინც ჰქონოდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ზოგადად, სუსში არსებულ ინსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით, მისი გადაჭარბებული უფლებამოსილებების, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის უკიდურესი სიმწირის პრობლემები წლებია სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების საგანია.

მათი განცხადებით, ეს პრობლემები განსაკუთრებით ყურადსაღებია იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების სექტორში საქმიანობების უდიდესი ნაწილი გასაიდუმლოებულია – კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურები ხშირად სარგებლობენ გამჭვირვალობის მოთხოვნებიდან გამონაკლისებით, ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ფართო დისკრეციით და „ეროვნული უსაფრთხოების“ დაცვის მოტივით ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების ტოტალური შეზღუდვის შესაძლებლობებით.

„სუსის მანდატი, რაც მათ შორის მოიცავს კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლას, საგამოძიებო, პრევენციული და იძულების ღონისძიებების განხორციელებასა და პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების უფლებამოსილებას, ამ უწყებას ანალიტიკური სტრუქტურის ნაცვლად საზოგადოების კონტროლის მექანიზმად აქცევს.

სუსის პირდაპირ დაქვემდებარებაშია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ადამიანებზე თვალთვალის ტექნიკურ შესაძლებლობებს ფლობს და პირადი ცხოვრების უფლების მასობრივი ხელყოფის წყაროა.

სააგენტოს ფართო უფლებამოსილებების დაბალანსებისა და კონტროლის მექანიზმი უპირველესად სასამართლოა, რომელიც ახდენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ავტორიზებას. თუმცა, კანონმდებლობაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზებისა და სასამართლო ხელისუფლების ტოტალური კონტროლის პირობებში, მასობრივი მიყურადების საფრთხეების დაზღვევა ვერ ხერხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს სუსის საპარლამენტო კონტროლიც – კერძოდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ:

  • სუსის უფროსის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში სრულად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს;
  • საქართველოში არ არსებობს სუსზე ზედამხედველობის ექსპერტული ორგანო, რომელიც უწყების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების პროცესში სამოქალაქო და პროფესიულ წრეებს ჩართავდა;
  • ნდობის ჯგუფი, რომელიც სუსზე კონტროლის მთავარი წყარო უნდა იყოს, საფუძვლიანად ვერ ასრულებს მის ფუნქციებს – მას არ აქვს სრულყოფილი მანდატი, არ იკრიბება რუტინულ რეჟიმში, დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ წევრებით, ფაქტობრივად, არ გააჩნია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობები და სხვა.

„ძალაუფლების დაბალანსების, პროფესიული და პრაქტიკული ამოცანების შესრულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია დაზვერვის სამსახურის შეერთება სუსთან.

2013 წლიდან სამსახური არის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული უწყება და მის გარდა არც ერთ სხვა უწყებასთან ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებაში არ იმყოფება.

ახალი კანონპროექტით დაზვერვის სამსახური სუსის ერთ-ერთი სააგენტო ხდება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება სუსის უფროსის წინაშე. დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ისევე როგორც მის მოადგილეებს, სუსის უფროსი დანიშნავს. კანონპროექტი უკვე მიღებულია ორი მოსმენით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება რამდენიმე მიმართულებით გააუარესებს მდგომარეობას:

  1. გაზრდის სუსის გავლენებს, მის ისედაც დიდ ინსტიტუციურ სხეულსა და უფლებამოსილებებს კიდევ უფრო გააფართოებს – რაც ორგანიზაციის თქმით, გამოიწვევს საზოგადოებრივ პროცესებში სუსის უფრო ჭარბ შემოსვლას;
  2. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები გაზრდის როგორც სუსის, ასევე დაზვერვის სამსახურის ეფექტიანობას იმ არგუმენტით, რომ ეს ორი უწყება „ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია“ და „რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება“. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, საგარეო დაზვერვის ფუნქციური მოდუსები, საქმიანობის მეთოდები, ტექნიკები და სამოქმედო არეალები არსებითად განსხვავდება უსაფრთხოების სექტორში შემავალი სხვა უწყებებისგან. მათი განცხადებით, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ ცვლილებები არათუ წაადგება, არამედ არსებითად გააუარესებს სადაზვერვო საქმიანობას და მას რესურსულად გამოფიტავს;
  3. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ საექსპერტო წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ დაზვერვის სამსახურის ფუნქციონირებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის, ინფორმაციის გაზიარების, კადრების გადამზადებისა და ნდობის ელემენტები. მათი თქმით, ამ ფონზე, სამსახურის სრულად სუსის ქვემდებარეობაში გადასვლა ამ უწყებას ბოლომდე სუსის პოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარებს, რაც, დიდი ალბათობით, ნეგატიურად აისახება დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ორგანიზაციის განცხადებით, ეს, უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან სრულად უქმდება, როგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში უსაფრთხოების საბჭო პოლიტიკური მანიპულაციების საგანი იყო.

მათი თქმით, 2013 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა იმჟამად მოქმედი უშიშროების საბჭოს პარალელური სტრუქტურა – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რადგან ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომებს არ ესწრებოდა – 2018 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით უშიშროების საბჭო გაუქმდა, 2019 წლიდან კი ჩამოყალიბდა უსაფრთხოების საბჭოს არსებული მოდელი.

„იმის მიუხედავად, რომ ეს უწყება წლების განმავლობაში უკიდურესად ფრაგმენტულად ასრულებდა თავის მოვალეობას, საგანგაშოა თუ როგორ ხდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მისი როლის დაკნინება დღეს, განსაკუთრებით, მძიმე გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში.

დემოკრატიულად გამართულ მდგრად ინსტიტუციურ რეალობაში უსაფრთხოების საბჭოს როლი ცენტრალურია – ის განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი თავიდან აცილებისა და აღკვეთისთვის საჭირო ზომების მიღების შესახებ; აანალიზებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, სწავლობს და აფასებს საერთაშორისო და რეგიონულ კონფლიქტებსა და მათ გავლენას საქართველოზე;

ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, გადახედვასა და განახლებას; განიხილავს შესაბამის კანონპროექტებს, თავდაცვის ძალებთან დაკავშირებულ საკითხებს, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხებს და სხვა.

ამგვარ საკითხებზე მუშაობა ორგანიზაციულ სხეულსა და უწყებათაშორის კოორდინაციას მოითხოვს. ამ ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა საბჭოს მუშაობის გაძლიერებასა და მისი შემადგენლობის ინკლუზიაზე ზრუნავდეს, სრულად აქრობს ამ უწყებას, რაც ისედაც ჰომოგენიზებულ და პოლიტიზებულ უსაფრთხოების სექტორს კიდევ უფრო მეტად დაუქვემდებარებს პარტიულ ინტერესებს”.

ამდენად, ორგანიზაციის შეფასებით, აშკარაა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული კონტროლის ქვეშ და უსაფრთხოების სისტემაში კადრების შერჩევა პარტიული ლოიალურობის საფუძველზე არღვევს პროფესიული ნეიტრალობის პრინციპს და საბოლოოდ, ასუსტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების სტაბილურობას.

მათი განცხადებით, ამ პირობებში, უსაფრთხოების უწყებები კარგავენ თავიანთ პრინციპულ ფუნქციას ემსახურონ დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და გადაქცეულნი არიან მმართველი პარტიის ხელისუფლების შენარჩუნების მექანიზმად. ორგანიზაციის ცნობით, ეს ტენდენციები ქმნის საპოლიციო სახელმწიფოს იმ მოდელს, სადაც ძალოვანი სტრუქტურები სამოქალაქო სივრცის კონტროლის, წინააღმდეგობათა ჩახშობისა და საჯარო ცხოვრების ტოტალური მონიტორინგისთვის და ზედამხედველობისთვის გამოიყენება და ზღვარი ეროვნული უსაფრთხოებისა და რეჟიმის პოლიტიკურ უსაფრთხოებას შორის წაშლილია.

„უნდა ითქვას, რომ ასეთ რეალობაში თავად უსაფრთხოების კონცეფცია კარგავს ლეგიტიმურ ფუნქციას, ემსახუროს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, საგარეო და შიდა საფრთხეებზე სისტემურ რეაგირებას და გარდაიქმნება მმართველობის ინსტრუმენტად და ტექნოლოგიად, რომელიც თავად განსაზღვრავს, ვინ არის საფრთხე, როდის და რატომ.

ასეთ რეჟიმში, უსაფრთხოების სახელით შესაძლოა დისკრედიტირდეს კრიტიკული მედია, სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკურად განსხვავებული აზრი, რადგან ისინი თავსდებიან სახელმწიფოს სტაბილურობისთვის მავნე“ ძალების კატეგორიაში და უსაფრთხოების სისტემის დაუბალანსებელი და ტოტალური ძალაუფლება სწორედ მათი კონტროლისთვის და მარგინალიზაციისთვის გამოიყენება”.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევის ფონზე, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, მათ შორის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, ჰიბრიდულ თავდასხმებს, რეგიონალურ კრიზისებს და ომებს, ეკონომიკურ კრიზისებს, სჭირდება ძლიერი, კოორდინირებული და სტრატეგიული უსაფრთხოების სისტემა.

მათი თქმით, ამ ფონზე, უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება და დაზვერვის სამსახურის პოლიტიზებული სტრუქტურის ქვეშ მოქცევა წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მედეგობის მეთოდური შესუსტების გზას.

ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ დემოკრატიულ სისტემებში უსაფრთხოების მექანიზმები ეფუძნება ინკლუზიურობას, უწყებათაშორის კოორდინაციასა და პროაქტიულ ანალიზს, ხოლო საქართველოში, არსებული ცვლილებების შედეგად, ეს მექანიზმები უფრო მეტწილად კონტროლისა და იზოლაციის ინსტრუმენტებად ყალიბდება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მედეგობის მოშლის მძიმე რეალობას ქმნის.

მათი შეფასებით, საქართველოსთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად მოწყვლადია, ექვემდებარება საგარეო ზეწოლას და რჩება ჰიბრიდული გავლენების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ, უსაფრთხოების სექტორის დეპროფესიონალიზაცია და ინსტიტუციური დასუსტება მხოლოდ ამძაფრებს გარე მანიპულაციის რისკს.