საია: ცვლილებები მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც 27 ივნისს ამოქმედდა და რომლითაც მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გამო, დღეს მედიის წარმომადგენლები აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე კამერებით აღარ შეუშვეს.

ცვლილებების მიხედვით:

  • იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება;
  • პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს;
  • ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დასაშვები იქნება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით;
  • სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნეს  მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.

საიას შეფასებით, კანონის ამ ნაწილის ამოქმედებიდან პირველივე დღეს გამოვლინდა მისი აღსრულების პრობლემა, რომელმაც მედია საშუალებების ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა.

„არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტულ – თერთმეტპირიანი საქმის სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის თაობაზე,  თუმცა სხდომის დაწყებამდე მათ მიმართ უკუკავშირი საბჭოდან არ ყოფილა.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სხდომის განმხილველ მოსამართლე – ნინო გალუსტაშვილსაც სთხოვეს, გამოეცხადებინა შესვენება და კომუნიკაცია დაემყარებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მედიების დაშვების საკითხის დაზუსტების მიზნით, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა.

აღნიშნული ბიუროკრატიული მექანიზმი პრაქტიკულად სრულად უზღუდავს მედიას პროცესების გაშუქებას. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სასამართლო ეტაპის სასამართლო სხდომები – ე.წ. პირველი წარდგენის სხდომები მცირე საპროცესო ვადების გამო, ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ინიშნება. ასეთ ვითარებაში, მედიებს პრაქტიკულად არც კი დარჩებათ დრო, რომ მიიღონ დროულად პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ყოველივე ზემოაღნიშნული, სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და  გამჭირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა.

საიას შეფასებით, დაუსაბუთებლად დახურულად წარმოებული სამართალწარმოება  ტოვებს აღქმას საზოგადოებაში, რომ სასამართლოს ინტერესში არ შედის საზოგადოების ინფორმირება მართლმსაჯულების ხარისხის შესახებ, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზეც.


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 26 ივნისს საბოლოოდ მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლითაც მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება.

კანონი ძალაში 27 ივნისს შევიდა.

ცვლილებების მიხედვით:

  • იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება;
  • პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს;
  • ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დასაშვები იქნება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით;
  • სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

გარდა მედიის რეგულირებისა, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:

  • იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები.
  • დასჯადი იქნება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
  • დაზუსტდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობად ჩაითვლება ვერბალური გამონათქვამი, უხამსი ქმედება და ა.შ., როგორც სხდომაზე, ასევე საჯარო სივრცეში.
  • გაფართოვდა დაინტერესებული პირის განმარტება – ასეთი იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლეზე ან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
  •  დაუშვებელი იქნება გამოძიების სტადიაზე დაინტერესებული პირის მოსამართლესთან ისეთი კომუნიკაცია, რაც დაკავშირებულია საქმის განხილვასთან, არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს ან წარმოადგენს მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობას და ა.შ.

„ქართული ოცნების” პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და 2 დღეში მიიღო.