„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას და თანდართულ კანონპროექტებს, რომელიც, ძირითადად კანაფის ან მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს.
პაკეტს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წლების განმავლობაში ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელმაც მარიხუანის მოხმარებას და გავრცელებას შეუწყო ხელი.
„არაერთი კამპანიური ხასიათის ღონისძიება ხორციელდებოდა, რომ თითქოს მარიხუანა არის უფრო მსუბუქი საშუალება“, – თქვა მან პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა, მათ შორის იმიტომ, რომ 2025 წელს მარიხუანა გაცილებით უფრო ზიანის მომტანია“.
ცვლილებები ვრცელდება მარიხუანის და კანაფის შეძენა-შენახვა-კულტივაციაზე.
შემოთავაზებული ცვლილებით, მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში მთლიანად უქმდება 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
„273-ე პრიმა მუხლის მთლიანად ამოღება ხდება და როგორც მოქმედი რედაქციით არის – მცირე ოდენობის კანაფის (10 გრამამდე) და მარიხუანის (გამომშრალი 5 გრამამდე, ნედლი 10 გრამამდე) იწვევს ადმინისტრაციულ სახდელს, ხოლო განმეორებით იგივე ქმედება ისჯება სისხლის სამართლის წესით.
ამ რეგულაციას არ აქვს პრევენციული მექანიზმი და ეფექტური ხასიათი, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ამ რაოდენობასთან დაკავშირებითაც ანუ განმეორების შემთხვევაშიც სისხლის სამართლებრივი წესით მოხდეს პასუხისგება – ჯარიმით, საზოგადოებრივი შრომით ან 1 წლამდე პატიმრობით.
მცენარე კანაფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დოზები იწყება 10 გრამიდან და საწყისი ოდენობაა 10 გრამიდან 155 გრამამდე, ხოლო გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში ესაა 5-დან 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში – 10-დან 140 გრამამდე.
ამ ოდენობის მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა გამოიწვევს 260-ე მუხლით პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე, ნაცვლად დღეს მოქმედი რეგულაციისა, სადაც სისხლის სამართლის წესით დასჯადობა ანუ თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი.
დიდი ოდენობის შემთხვევაში ზუსტად იგივენაირად კანაფზე და მარიხუანაზე იგივე პასუხისმგებლობა დადგება, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში, იგივეა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც ეხება შეძენა-შენახვას“, – განაცხადა გორდულაძემ.
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის [მათ შორის კანაფის] უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას დაარეგულირებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 151 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისთვის დაუშვებელია პატიმრობის გამოყენება. დღეს არსებული მცენარე კანაფი და წლების წინ საკონსტიტუციოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთთან თავსებადი არაა. გაცილებით საშიშია ახლა არსებული კანაფი და მარიხუანა“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამ მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ეს ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ -დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 12 წლამდე.
არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ შემოიღებენ ახალ მუხლს, რომელიც რეალიზაციის ხელშეწყობას შეეხება. მისივე განმარტებით, ეს ძირითადად გავრცელდება ე.წ. „დამდებებზე“ – ადამიანებზე, „რომლებიც სხვადასხვა საჯარო სივრცეში დებენ ნარკოტიკულ საშუალებებს“.
„სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია ახალი მუხლის შემოღება, ეს არის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული საშუალების ან მცენარე მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, რომ დღესაც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა აღნიშნული საშუალებების უკანონო რეალიზაცია და შესაბამისად ამ დანაშაულის მომზადებაც, მცდელობაც, თანამონაწილეობაც ამ დანაშაულში სისხლის სამართლის წესით ისჯება.
მაგრამ შემოთავაზებული ცვლილების შემდეგ მომზადება, მცდელობის და თანამონაწილეობის ელემენტი ცალკე დასრულებული დანაშაულის სახით იქნება გამოყოფილი, რაც გულისხმობს, რომ ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით დაისჯება, სისხლისსამართლებრივი წესით, როგორც რეალიზაციისთვის“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ხელშეწყობად ითვლება: ნარკოტიკული საშუალებების განთავსება ღიად ან ფარულად ხელმისაწვდომ ადგილზე, ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათი შეძენის ხერხებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დაფასოება და ასე შემდეგ.
ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
კანონში ჩნდება პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემის ან/და რეალიზაციისთვის.
ცვლილების მიხედვით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის [მათ შორის კანაფის – ავტ.] უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია –
დაისჯება ჯარიმით 500-დან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე.
დეპუტატმა გიორგი კახიანმა იკითხა, რას გულისხმობდა არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასიჯვაში.
გორდულაძემ განმარტა, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების „დაზღვევა“ პარლამენტს ახალი ნორმის მიღებით შეუძლია და რომ მუხლების ახალი რედაქციები იქნება ძალაში მანამ, სანამ ამ ახალ ნორმებსაც ვინმე არ გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ, როდესაც იმსჯელა მაგალითად თავისუფლების აღკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაშინ ის საშუალება მარიხუანა, რომელიც არსებობდა უკანონო ბრუნვაში, იყო გაცილებით უფრო ნაკლები ზიანის შემცველი. არ ვამბობ, რომ ზიანის შემცველი არ იყო და შეგვიძლია ფართოდ გავაკრიტიკოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მომატებულია ახლა ეს საფრთხე, იმიტომ, რომ უკანონო ბრუნვაში არსებობს ე.წ. ჰიბრიდული ჯიშები, გავრცელებულია მეტად, რომელიც კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და არა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა გორდულაძემ.