აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ე.წ ქობულეთის კლასტერიდან გუშინ კიდევ 44 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, პირველადი კვლევის შედეგად კი, 5 მათგანის პასუხი დადებითია. დიაგნოზის დასადასტურებლად მათ განმეორებითი კვლევა ესაჭიროებათ. მინისტრის მოადგილის კომენტარს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„გუშინდელი ინფორმაციით, დამატებით 44 ნიმუში შევიდა. მათ შორის 5 რჩება საყურადღებო. გადასამოწმებელია, საეჭვო დადებითი, რომელთა პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. დანარჩენის პასუხი არის უარყოფითი. ესენი არიან კონტაქტირებული პირები უკვე დადასტურებული ქობულეთის კლასტერიდან, მათი კონტაქტების რაოდენობა უშუალოდ არ გაზრდილა“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
stopcov.ge-ის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 233 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 54 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.