პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში და დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
„ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა.
სამართალდამცავებმა ე.წ. დაჯგუფების ლიდერი და დანაშაულში მონაწილე რვა პირი დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, ბრალდება მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.