თბილისის მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი-თი გრუპი” 111 ვაგონს ჩინური სამთავრობო კომპანია CRRC-ისგან შეიძენს.
სამგზავრო და სატვირთო ვაგონების, ლოკომოტივების და მანქანების მწარმოებელ კომპანია CRRC-ს აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები ადევს, კერძოდ: ის არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შავ სიაში, ვინაიდან დაკავშირებულია ჩინურ სამხედრო წარმოებასთან.
ასევე, 2020 წლის ნოემბრიდან აკრძალული აქვს აშშ-ში ინვესტიციების გაკეთება. შეზღუდული აქვს ფედერალური დაფინანსების მიღება.
2024 წელს ევროკომისიამ CRRC 610 მილიონი ევროს ღირებულების ბულგარეთის რკინიგზის ტენდერში სახელმწიფო სუბსიდიების უსამართლო გამოყენებაში დაადანაშაულა და ტენდერი გამოძიების დასრულებამდე შეაჩერა. CRRC ტენდერიდან თავად გავიდა, რის შემდეგაც ევროკომისიის გამოძიება შეწყდა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მერიაში „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი ესწრებოდნენ.
მერიის თანახმად, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შარკოვმა და „ჯი-თი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა მოაწერეს ხელი.

გიორგი ტყემალაძის თქმით, 111 ვაგონი თბილისს 5 წლის განმავლობაში მიეწოდება – სულ 25 მატარებელი, მათ შორის, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი.
მერიის განცხადებით, ახალ მატარებლებს ე.წ. გამჭოლი ვაგონები ექნება. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
მერია აცხადებს, რომ თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით გამოცხადდა. პროექტის ჯამური ღირებულება 150 მილიონი ევროა.
მერიისვე ცნობით, დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი ემსახურება – სულ 192 ვაგონი.