– რას საქმიანობთ?
– ამ ეტაპზე ვიბრძვი, – ასე დაიწყო სასამართლოზე მარინა აფციაურის დაკითხვა. ის ნიკა კაციას დედაა. იმის გამო, რომ შვილის საქმეზე მოწმედ უნდა დაკითხულიყო, პროცესებს ამ დრომდე ვერ ესწრებოდა.
„პირველად ვხედავ დედაჩემს მინის მიღმა“ – თქვა კაციამ დედის სხდომათა დარბაზში შესვლის შემდეგ. ნიკა კაციას ძმა გვიყვება, რომ გრძელვადიან პაემანზე ნიკა თავად ამბობს უარს, მერე უფრო გამიჭირდებაო.
„თავი მაღლა დედა, ყველაფერი კარგად იქნება“ – უთხრა ნიკა კაციამ დედას, სანამ მოსამართლე მას შენიშვნას მისცემდა.
მარინა აფციაურმა 7 დეკემბრის საღამოს გახსენებით დაიწყო. ეს კაციას დაკავების თარიღია.
„ძალიან კარგად მახსოვს 7 დეკემბერი. 7 დეკემბერს მოხდა „TV პირველის“ ჟურნალისტზე და მის ოპერატორზე თავდასხმა, მე და ნიკა ვისხედით ტელევიზორთან და ვუყურებდით… ნიკა ყველაფერს ძალიან მძაფრად განიცდიდა, მაგრამ კოლეგების თემა მისთვის იყო ძალიან მტკივნეული, ამიტომ ისეთი შეგრძნება იყო, რომ მაკა ჩიხლაძე მოკლეს. ორივე წამოვხტით რა თქმა უნდა სკამებიდან, ნიკა ძალიან განერვიულდა“, – იხსენებს მარინა აფციაური.
დედის მონათხრობით, ამის შემდეგ ნიკამ გამზადება დაიწყო და აქციაზე წასვლა დააპირა. თავად კი, გადავარდნილი სარეცხის ასაღებად, გარეთ გასვლა მოუწია, რა დროსაც კორპუსთან „საეჭვო მოძრაობები“ და შავებში ჩაცმული პირების გადაადგილება შეამჩნია, თუმცა:
„არც მიფიქრია, რომ ეს ჩემს შვილს უკავშირდებოდა. რომ შემოვედი, ნიკა უკვე გამზადებული იყო და არც მითქვამს, რომ აი, გარეთ საეჭვო რაღაც შევნიშნე. მაისური ავიღე და დავბრუნდი სახლში, ეს უკვე გადიოდა”, – ამბობს ის.
მარინა აფციაური სასამართლოს განუმარტავს, რომ გასვლისას ნიკამ კარი გარედან ჩაკეტა, ვინაიდან საკეტი დაზიანებული ჰქონდათ და შიგნიდან ჩაკეტვის შემთხვევაში, იჭედებოდა. ნიკას წასვლის შემდეგ ის კვლავ ტელევიზორის ყურებას მიუბრუნდა, დაახლოებით ღამის პირველის ნახევრისკენ კი კარზე კაკუნის ხმა გაიგო.
„ვკითხე, ვინ ბრძანდებით-მეთქი და პოლიციიდან ვარ ქალბატონოო, ნიკუშასთან – ეს სახელი ყურში ძალიან მომხვდა, იმიტომ, რომ ნიკუშას უფრო საახლობლო წრე [ვეძახდით], Facebook-ზე იყო – ნიკუშა ბედნიერი კაცია – ასე დაფიქსირებული, ძალიან ახლობელი თუ იტყოდა, ან უწოდებდა. მე ვპასუხობ, ნიკა არ არის სახლში. დავეჭვდი და კიდევ ვკითხე, ვინ ბრძანდები – პოლიციიდან ვართ და უბრალოდ გასაუბრება გვინდა. მე ვუთხარი, კარები გარედანაა დაკეტილი და შიგნიდან ვერ გაგიღებთ-მეთქი… ჩურჩულის მერე ერთ-ერთმა მითხრა, რომ კარგით ქალბატონო, ნიკუშა მოვა და თვითონ მოიტანს გასაღებს”, – ამბობს ის სასამართლოზე.
მარინა აფციაური იხსენებს, რომ პოლიციელები 15-20 წუთში მობრუნდნენ. მანამდე ნიკასთან რეკავდა, თუმცა პირველი შემთხვევა იყო, რომ ნიკა მის ზარს არ პასუხობდა. დროის ამ მონაკვეთში ნიკას მეგობარს, მაგდა ვასაძესაც დაურეკა და უთხრა, რომ პოლიცია იყო მისული და რომ ნიკას ნახვა უნდოდათ: „მაგდა, იქნებ შენ მიაწვდინო ხმა, პოლიციაა მოსული, ეძებს და მოვიდეს”.
„15-20 წუთში მაქსიმუმ, შეიძლება, უფრო ადრეც მობდუნდნენ. ისევ კაკუნი, ვუპასუხე და მეუბნებიან: „ქალბატონო, შემოვდივართ”… დაეჯაჯგურნენ კარებს და ისეთი ხმა გავიგონე, მივხვდი, რომ გასაღები ჩაუტყდათ… რომ არ მიპასუხეს და აღარ მიპასუხეს, დავინახე [კარის ჭუჭრუტანიდან], რომ ნელ-ნელა გადიან… გავიქეცი ფანჯარასთან, პირველ სართულზე ვცხოვრობ… გავაღე ფანჯარა და ვეძახი, ერთი მაჩვენეთ, რა გასაღებით აღებდით.. ვიფიქრე, სხვა გასაღებით ხომ არ აღებდნენ კარებს… მერე ბოლოს ერთი მაჩვენებს ამ გატეხილ გასაღებს, მე უკვე გაბრაზებული ვარ და ვეუბნები: ტერორია, 37 წელია, რა უბედურებაა, შუაღამეა, ნიკა სად არის, გამაგებინეთ, რა ხდება…
ლაშას, ჩემს უმცროს შვილს, ყველაფერი ესმოდა [ვიდეოზარით ემიგრაციიდან]. დგანან, არ იძვრიან [პოლიციელები]. ლაშა მეუბნება, რომ მე საიას დავუკავშირდი, ნონა ქურდოვანიძეს და აუცილებლად გამოგვიყოფს ადვოკატს საია. ამათ ესმით საია, ნონა ქურდოვანიძე და ერთ-ერთი მოვიდა და მეუბნება, რა არის საია – განვუმარტე, რა არის საია და ვინ არის ნონა ქურდოვანიძე, განვუმარტე…
მოიტანეთ კიბე და გადმოდით ფანჯრიდან-მეთქი, შეიცხადეს, იუარეს – არა ქალბატონო როგორ გეკადრებათო. რა როგორ მეკადრება – მე ვუთხარი… დოდი ხარხელს არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა სახლში და კარები შეუნგრიეს და მე რატომ არ შემომინგრიეს არ ვიცი… ალბათ ხალხი რომ გროვდებოდა, მეც რომ ვთქვი, რომ მოდიან. იქ საიას დავუკავშირდი… ეს იყო მიზეზი…
ვიცი, რატომ უნდოდათ შემოსვლა [სახლში], ძვირფასი პროკურორი რომ მიზის მარცხნივ, ვიდეოც ექნებოდათ, მარტო ვიყავი სახლში იცოდნენ და დადებდნენ იმას, რასაც ედავებიან ან უფრო მეტს, უვადოზე მეტი რაღა უნდა იყოს, მაგრამ მაინც… ძალიან კარგად მოახერხებდნენ ამ ყველაფერს და ვიდეოც ექნებოდათ. მაგრამ თვითონ ჩატეხეს საკეტი, ჩემი მიზეზით არ მომხდარა…”, – იხსენებს მარინა აფციაური.
მისი თქმით, პოლიციელებს სახლში შესვლა აღარ უცდიათ. ისე წავიდნენ, არც ის უთქვამთ, ნიკა კაცია ამ დროს უკვე დაკავებული რომ იყო. წავიდნენ, ისე, რომ კარში ჩატეხილი გასაღებიც ჩატოვეს – „მერე აღმოჩნდა, რომ ნიკაც დაპატიმრებული იყო და მეც დამაპატიმრეს საკუთარ სახლში”.
„სამის ნახევარი იყო, ფანჯარასთან ვდგავარ და მირეკავს, გამომძიებელი ვარო – მირზა ჯაფარიძე, როგორც მერე აღმოჩნდა და მეუბნება, ქალბატონო, თქვენი შვილი დაკავებულია, დიღმის იზოლატორშია. რას ედავებით-მეთქი. ნარკოტიკების შეძენა-შენახვასო. ხომ არ გააფრინეთ-მეთქი – სად ნიკა და სად ნარკოტიკები-მეთქი. მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. რაღა მაინცდამაინც ნარკოტიკი, იმდენ რამეს აბრალებენ… ეს ჩემთვის იყო, ერთი, რომ ნიკას ერჩოდნენ და მეორე – იცოდნენ, რომ გული გამისკდებოდა, მართლა როგორ გადავრჩი, არ ვიცი, იმ წამს რომ არაფერი დამემართა”, – ამბობს ის.
კითხვა -პასუხი ადვოკატ ნინო ლომინაძესა და მარინა აფციაურს შორის:
-ნიკოლოზ კაციას შემოსავალი ჰქონდა რაიმე?
-ბოლო წლებში ასე მოხდა… ასეც ხდება, რომ მის ცხოვრებაში დაღმართი გაჩნდა;
– „ქოცებმა” დამბლოკეს, პირდაპირ თქვი დედა [ამბობს ნიკა კაცია];
– კი, ასე იყო. მაგრამ ნიკას საქმიანობა იყო წიგნი, კალამი, მერე მიკროფონი, მთელი ცხოვრება სწავლობდა. ერთხელ მისმა კლასელის დედამ უთხრა – ნიკა ბოდიში, მაგრამ თამაშობო და შეურაცხყოფილი იყო, გამარჯობის თქმა აღარ უნდოდა, სად მცალია მე სათამაშოდო.
– ძალიან მინდა იცოდეთ, რომ პირველად ამბობს ჩემზე კარგს [ნიკა კაცია];
– ოდესმე ხომ უნდა მეთქვა, მადლობა სასამართლოს, რომ მომცა ამის საშუალება. სულ, სულ ვაკრიტიკებდი, მკაცრი ვიყავი… მეექვსე კლასში იყო, ოჯახს ინახავდა ეს, მე 23 წლის ოჯახი დამენგრა და ნიკა, პატარა ძმა ფეხზე დასაყენებელი, ოჯახს არაფერი მოკლებოდა, სტუდენტი, მისი ტოლი ბიჭები იმას რომ ფიქრობდნენ დრო სად ეტარებინათ, ნიკა ორ და სამ სამსახურში მუშაობდა, ნამდვილად და ბებიაც (დედაჩემზე ვამბობ) მისი შესანახი იყო, მისი საზრუნავი… მაგრამ ამ დროს უკვე ნიკა უმუშევარია [დაკავების პერიოდში], დღეს ჩვენ თუ სული მოვიტანეთ და ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები, მისი მეგობრების და ბევრი კეთილი ადამიანის დამსახურებაა. დედაჩემიც კი იმათ კისერზე იყო.
– მანამდე სამართალდამცავებთან რაიმე შეხება თუ ჰონდა?
– არასოდეს. ნიკა სულ გაბმული იყო – სკოლა, მუსიკალური სკოლა, საბავშვო თეატრი, „ენკი-ბენკი”, პიონერთა სასახლე, იქ ვოკალზე დადიოდა, სად ჰქონდა დრო…