მაკა ბოჭორიშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას ემსახურება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, 17 ქვეყნის საგარე ოსაქმეთა მინისტრების განცხადებას გამოეხმაურა. ბოჭორიშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება კიდევ ერთხელ უწყობს ხელს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას.

ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს შემაფერხებელი გარემოებები, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა.

პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც გვესმის, სადაც არჩევნებზეა აპელირება და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“, – განაცხადა მაკა ბოჭრიშვილმა.

გუშინ, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.