შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ. შსს-ში აღნიშნეს, რომ „ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება”.
„პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.
ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში”, – აღნიშნავენ შსს-ში.
მანამდე ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მოიტაცეს ჩეჩნეთიდან გაქცეული ქალი და მას, სავარაუდოდ, რუსეთში აბრუნებდნენ.
უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ქალს ამჟამადაც ემუქრება საფრთხე.
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებები არ უზრუნველყოფს ქალის უსაფრთხოებას და დამატებითი ზომებია მისაღები. ის ფაქტი, რომ შსს-მ ვერ მოახერხა ქალის დაცვა, რომ ვერც ახლა იძიებენ საქმეს ეფექტურად და არც სამომავლო საფრთხეებია დაზღვეული, არის სრულად საქართველოს და შსს-ს პასუხსიმგებლობა”, – წერს ის.
მისი თქმით, „საფარი” აგრძელებს მუშაობას საკითხზე და ქალის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ ავრცელებს დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე.