მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობები, დაკითხულიყვნენ კობახიძე და წილოსანი

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები, დაკითხულიყვნენ „ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი და „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

ნინო წილოსანის დაკითხვასთან დაკავშირებით. შუამდგომლობა ადვოკატებმა 4 ივლისს გამართულ სხდომაზე დააყენეს. განცხადებაში, რომელსაც აღნიშნული შუამდგომლობა ეხება, ნინო წილოსანი საუბრობს იმაზე, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა „დაქირავებით, ფულის გადახდით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“. ადვოკატი განმარტავდა, რომ ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, ვინაიდან წილოსანი საუბრობს მტკიცებით ფორმატში, და იგი საუბრობს ისე, თითქოს იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოითხოვა სასამართლოზე დასაკითხ პირთა სიას დამატებულიყო „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ვინაიდან, უფლებადამცველის განმარტებით, მანაც რამდენჯერმე ისაუბრა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ და ამტკიცებს, რომ ის მოქმედებდა „დაკვეთით“, რათა დაეკნინებინა პოლიციის პრესტიჟი.

ადვოკატის თქმით, ამ განცხადებით ის ადასტურებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომელიც სასამართლოსთვის საინტერესო უნდა იყოს. პროცესზე პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ „ვინც რა კომენტარს გააკეთებს“, მისი დაკითხვა მიზანშეწონილი არაა და სასამართლოს არ დაეხმარება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი პროკურატურას დაეთანხმა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

თვალი ადევნეთ განახლებად ინფორმაციას მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან აქ.