მასალა განახლებულია
თბილისის მერი, კახა კალაძე და „ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ნგრევა მოხდა.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული იყო და ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, მოსახლეობას შესთავაზეს ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართვა, თუმცა ნაწილმა უარი თქვა კორპუსის დემონტაჟზე.
„სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული, მე-5 კატეგორიის* ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში…
იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში და ჩვენ უზრუნველვყოფდით დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-ის თანხმობა, რომელიც ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამოდემინე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით“, – თქვა კალაძემ.
*განახლება: კალაძემ მეორე დღეს შეასწორა, რომ შენობას მე-3 ხარისხის ავარიულობა ჰქონდა.
„ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ თქვა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.
ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ”, – თქვა გელაძემ.
თბილისში, „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართული ჩამოინგრა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება და ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
„მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები”, – აცხადებს შსს.