თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა ავარიულ კორპუსებზე და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტისთვის პრობლემას წარმოადგენს, როცა მოსახლეობა იმაზე „მეტ ფართს მოითხოვს, ვიდრე თავად ცხოვრობს”.
„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს”, – თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, „არაერთხელ განმარტა”, რომ ავარიული შენობები დიდი გამოწვევაა.
„ავარიული შენობები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. დაახლოებით, 10 000-მდე შენობა-ნაგებობას სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და რა თქმა უნდა, საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას, ახლით ჩანაცვლებას. 2021 წელს დავპირდით ხალხს, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც მსგავს შენობებს ჩავანაცვლებდით. არავის აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში ყველა კორპუსი ჩანაცვლდება, წარმოუდგენელია”, – განაცხადა მან.
კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, რადგან „მუნიციპალიტეტი თავდებში უდგება მათ და მაქსიმუმ ორ წელში ახალაშენებულ ბინებს ჩააბარებს”.
„მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო ბევრი შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ დაკმაყოფილდა. სამშენებლო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება და ვერ შეასრულეს შეთანხმება. ასე მივიღეთ უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გაუბედურებული, დაჩაგრული მოსახლეობა, რომელიც ათეული წლები ელოდა, როდის მიიღებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
აქ უკვე საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე. სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას გადასახდელი არაფერი ექნება, მერიას გაჰყავს ქირით და შემდეგ უკვე, დაახლოებით, წელიწადნახევარ-ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადაეცემათ, რაც ჰქონდათ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროგრამა გამოიყენონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში „ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს შესაძლებელია მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება”.
„აფრიალებდნენ დოკუმენტს და იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს.
რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც „წარმატებით“ საუბრობდნენ და მოჰყავდათ „არგუმენტად“, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა”, – თქვა მან.
14 ივლისს, საღამოს, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა, დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა ერთი.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული იყო და ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული იყო. კალაძე ამბობს, რომ მოსახლეობას შესთავაზეს ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, თუმცა 100%-იან თანხმობას ვერ მიაღწიეს.