კობახიძე: „თუ დადგება საკითხი, მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას“

პუბლიკა

„ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რასაც გვთავაზობენ, მშვიდობა დაგვირღვიონ, სტაბილურობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციალურს, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურს“, –  განუცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტის შეკითხვა ევროკავშირის მიერ მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილს შეეხებოდა, რომლითაც „ქართული ოცნებისგან“  8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვენ.

„ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო პასუხი. როდესაც საუბარია პატიმრებზე, ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა პატიმარმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. ასეთი კითხვები არ არსებობს და ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმებია, რაც სამწუხაროა.

რაც შეეხება კანონებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვნების ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას. ეს კანონები გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, ეს გააკეთონ გამჭვირვალედ, თუ ეს არ უნდათ, ეს გაუგებარია.

გამჭვირვალობის კანონის მიღებას რომ გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობისა და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გეუბნებიან, შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალას უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს მაგას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობისა და მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი – ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ, არ დავთმობთ!“, – განაცხადა კობახიძე.

15 ივლისს გამართულ პრეკონფერენციაზე კაია კალასმა „ქართული ოცნებისთვის“ გაგზავნილი  წერილში ასახული პუნქტების შესახებ განაცხადა, რომ, ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობა, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.

„საუბარი იმაზეა, რომ საქართველოს მიეცა ვადა აგვისტოს ბოლომდე, ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდა? მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ 8 ოპოზიციური ლიდერიდან 7 დააკავეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ პირველ პუნქტს, რაც ზემოთ აღვნიშნე…“, – განაცხადა კალასმა.