პოლონეთის სასაზღვრო სამსახური: ქვეყნიდან საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქეა დეპორტირებული

პუბლიკა

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთიდან საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქე გაასახლეს იძულებით. მათივე ცნობით, დეპორტაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით მოხდა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს 20 და მოლდოვის 9 მოქალაქის დეპორტაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდა.

ასევე, ინფორმაციაში წერია, რომ პოლონეთიდან დეპორტირებული ერთ-ერთი ქართველი ქურდობისთვის 12-ჯერ არის ნასამართლევი.

„ნაწილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას და პოლონეთში არალეგალურად ყოფნისთვის დააკავეს. ასევე, დეპორტირებულებს შორის არიან ისინი, რომლებმაც სხვა უცხოელებს ხელი შეუწყვეს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში“, – ნათქვამია განცხადებაში.