თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილებს ასახლებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე იქ იმყოფებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები.
იძულებითი გამოსახლების დროს ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რაც ავეჯის გადასატანი სატვირთო ავტომობილის გამოჩენას მოჰყვა.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 4 პირია დაკავებული. მუხლი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დევნილების გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე. მისი თქმით, ეს არის კერძო საკუთრება და მერიას მასთან კავშირი არ აქვს.
როგორც კალაძემ თქვა, „ამ შენობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული, შესაბამისად, საჭიროა, მისი გამოთავისუფლება”.
„ეს არის კერძო საკუთრება, აქ მერიასთან დაკავშირებით გაჟღერდა ბევრი ბრალდება და მერია საერთოდ არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება, სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს დავა. ამ შენობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული, შესაბამისად, საჭიროა მისი გამოთავისუფლება. არის ავარიული და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. 9 ოჯახია თბილისში რეგისტრირებული და შევთავაზეთ ქირით გაყვანა. ორი უკვე დათანხმდა, დანარჩენები არ დაეთანხმნენ.
[მისვლას] არ ვაპირებ, მუნიციპალიტეტის თემა არაა, ესაა კერძო საკუთრება, იგივეა, თქვენს საკუთრებაში ვინმე რომ შეიჭრას და დასახლდეს.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება”, – თქვა კალაძემ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აცხადებენ, რომ „მხარეთა შორის მორიგების მიზნით გამოსახლების პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო“.
მათი განცხადებით, მისამართზე 5 შენობა-ნაგებობაა, რომლებიც „სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია“, რასაც მათივე ინფორმაციით, ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა.
„მხარეთა შორის მორიგების, მათი ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობით გამოსახლების პროცესი უკვე გადადებულია ორჯერ.
საქმეში, აღსრულების პოლიციასთან ერთად, ჩართული იყო ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი, სოციალური მუშაკები. განხორციელდა ათეულობით ვიზიტი მისამართზე. ინდივიდუალურადაა შესწავლილი იქ მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები; მიმართულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გამოყოფისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.
მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა.
მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია – 24 პირი; ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს – 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი“, – ნათქვამია განცხადებაში.