აღსრულების ეროვნულმა ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ამ განცხადების მიხედვით, გამოსახლების პროცესი, მისი დაწყებიდან ორჯერ გადაიდო, „რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის“.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მცხოვრებთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბიურო აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. „მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა-ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს”.
გამოსახლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე მყოფი და მისული 17 მოქალაქე დააკავეს.