მერია გამოსახლებული მოსახლეობის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩიდან მოსახლეობის გამოძევების თაობაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, “აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტირებული პირებისთვის”.

“რაც შეეხება დედაქალაქში რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებს, მათ დახმარებას უწევენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

მერია ასევე ამბობს, რომ 2022 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა პროგრამა, რაც გულისხმობს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას.

“თბილისში რეგისტირებულ ოჯახებს, რომელთაც აქვთ უსახლკაროს სტატუსი, მერია ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებელი ბინებით. 2025 წლის ბოლომდე ასეთი 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

თბილისის მუნიციპალიტეტს ასევე გააჩნია მუნიციპალური თავშესაფარი, სადაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს შეუძლია ცხოვრება. თავშესაფარში შექმნილია საცხოვრებლად საჭირო ყველა შესაბამისი პირობა” – ამბობენ მერიაში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ძალადობრივი გამოყრა ორი დღის წინ დაიწყო. პოლიცია, გაურკვეველი ფორმირების ნიღბიანებთან ერთად საცხოვრებელ სახლებში შევიდა, ნივთები ქუჩაში გადმოყარა და მაცხორვებლები, მათ შორის მცირექწლოვაბი ბავშვები ქუჩაში გამოასახლა. იმავე ღამეს პოლიცამ ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა.