რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა და მოლაპარაკების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია.
შოტლანდიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-მდე შეამცირებს საბაჟო გადასახადს.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, აშშ ევროკავშირის საქონლის იმპორტზე 30%-იან ტარიფებს აწესებდა, ბრიუსელი კი ტარიფის 10%-მდე შემცირებას მოითხოვდა. საბოლოოდ, შოტლანდიაში ტრამპის 5-დღიანი ვიზიტისას რთული მოლაპარაკებები დასრულდა. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის პროდუქციის იმპორტზე დაწესდეს 15%-იანი ტარიფი.
შეთანხმების საბოლოოდ დასადასტურებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დღეს შეიკრიბებიან, თუმცა მოსალოდნელია, რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ, ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელსაც მინიჭებული აქვს მანდატი, ბლოკის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები.
ტრამპი, რომელიც ვაშინგტონის პოზიციების გასაძლიერებლად, იყენებს სავაჭრო ტარიფებს, ხშირად იმეორებდა, რომ ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფები იქნებოდა დაწესებული, საბოლოოდ ის გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, თუმცა როგორც BBC წერს, შეთანხმებით მნიშვნელოვანი ბენეფიტებიც მიიღო.
მისი თქმით, ევროკავშირი გახსნის თავის ბაზარს ამერიკელი ექსპორტიორებისთვის და გარკვეულ პროდუქციაზე 0%-იან ტარიფებს დააწესებს.
ტრამპის განცხადებითვე, ევროკავშირი გაზრდის ინვესტიციებს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარით, მათ შორის – ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაში, და 750 მილიარდ დოლარს დახარჯავს ენერგეტიკაში.
ამასთან ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ინვესტიცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში – ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირში, ნავთობსა და ბირთვულ საწვავში, დაეხმარება ევროპას შეამციროს დამოკიდებულება რუსეთის ენერგეტიკაზე.
ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მიღწეული შეთანხმებით, ზოგიერთი სახეობის საქონელზე ტარიფები საერთოდ არ დაწესდება, მათ შორისა ავიაგადაზიდვებზე, თვითმფრინავებისა და მათი ნაწილების ექსპორტზე, გარკვეული ტიპის ქიმიურ ნივთიერებებსა და რიგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
როგორც BBC წერს, ძალაში დარჩება 50%-იანი ტარიფი, რომელიც ტრამპმა უკვე დააწესა გლობალურად ფოლადსა და ალუმინზე.
ჯერ კიდევ ღია რჩება შეთანხმება ალკოჰოლთან დაკავშირებით, რადგან როგორც BBC წერს, საფრანგეთისა და ნიდერლანდებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მოეპოვებინათ გამონაკლისი თავიანთი ღვინისა და ლუდის ინდუსტრიებისთვის.
„მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ ტრამპს ასეთი გარღვევის მიღწევისთვის და ამ მოლაპარაკებებში გამოჩენილი პირადი ერთგულებისა და ლიდერობისთვის“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თავად შეთანხმებას კი ევროკომისიის პრეზიდენტმა „რთული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული გიგანტური გარიგება“ უწოდა.
ტრამპის თქმით, ეს შეთანხმება აშშ-სა და ევროკავშირს „კიდევ უფრო დააახლოებს“.
CNN წერს, რომ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ევროკავშირმა და აშშ-მა გასულ წელს ჯამში 975 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაცვალეს. სავაჭრო შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო, ამცირებს ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის რისკს, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს გლობალური ეკონომიკისთვის.