„ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისსავე მოედანზე“ - კუპრაძე

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის შეფასებით, სოციოლოგიური ორგანიზაცია „გორბის“ უახლესი კვლელის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ კვლავ ლიდერობს, არის „ტყუილი და სიყალბე“, იმისთვის, რომ „დათესოს დაპირისპირებები, მათ შორის ოპოზიციურ ველზე“.

„გუშინ, ივანიშვილმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ყალბი რიცხვები, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ როცა, კალენდარულად და კონსტიტუციურად მოდის თვითმმართველობის არჩევნები. ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ემალება თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას. ჩვენ არაერთხელ, სანდო ორგანიზაციების გავლით, ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები, და ვნახეთ, რომ რუსული რეჟიმი მარცხდება საპარლამენტო არჩევნებზეც და თვითმმართველობის არჩევნებზეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ აქვს გამარჯვების შანსი დედაქალაქში და ეს ნაჩვენებია სულ ახლახან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, ბოიკოტის პირობებშიც კი, ივანიშვილი თბილისში მარცხდება“, – განაცხადა კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სტატისტიკა, რომელიც პარტიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მიუთითებს იმაზე, რომ „ივანიშვილი არის დამარცხების წინაშე მდგომი, პოლიტიკურად გაბანკროტებული პარტია, რომლის ერთადერთი შანსია, გამოაქვეყნოს სიყალბე“.

 „მოვუწოდებთ ოპოზიციურ, პროდასავლურ საზოგადოებას, სწორად გავიაზროთ ივანიშვილის რუსული სტრატეგია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ვუპასუხოთ იქ, მტკივნეულად, სადაც ყველაზე მეტად ეშინია მას. ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე. დარწმუნებით ვიცით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა გარდაუვალია, ამაზე მიუთითებს ყველა ის პროპაგანდისტული სტრატეგია, რომლითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გუნდის და მათ შორის ჩვენი ოპოზიციური საზოგადოების იმედი. ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისსავე მოედანზე“, – განაცხადა კუპრაძემ.

„გორბის“ კვლევით, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7%-მა – „ლელო – ძლიერი საქართველო“, 10%-მა – „გახარია საქართველოსთვის“.