„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა სათაურით – „რა ბიზნესს და ქონებას ფლობენ „ქართული ოცნების“ წევრები და თანამდებობის პირები ევროპაში“.
ორგანიზაციის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოიძიეს 18 პირის შესახებ ინფორმაცია, ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი.
ეს პირები არიან „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები, თანამდებობის პირები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ინფორმაცია მხოლოდ მცირე, საჯარო წყაროებით მიკვლევადი ნაწილია იმ ქონებისა და კომპანიებისა, რომლებსაც პარტიის წევრები სინამდვილეში ფლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ბიძინა ივანიშვილი:
„ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართულ კომპანიასა და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, სწორედ ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა“.
კახა კალაძე
კახა კალაძე პარიზში ფლობს 7-ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.
კახა კალაძის ოთხივე შვილი, სავარაუდოდ, ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიასა და საფრანგეთში დაიბადნენ.
ანტონ ობოლაშვილი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძინეს 1,165,030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58,000 ევროდ.
კახა ბექაური
თანამდებობა: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კომპანია: 2024 წლის 28 ივნისს კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარაციის თანახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კომპანიის საწესდებო კაპიტალში. სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.