„თავისუფლების მოედანმა” ლუსტრაციის კანონპროექტი შეიმუშავა

პუბლიკა

„თავისუფლების მოედანმა” შეიმუშავა ლუსტრაციის კანონპროექტი. მათი განმარტებით, ეს იქნება პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს. იქამდე კი საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას, მკვლევრებს, პოლიტიკურ პარტიებს იწვევენ დოკუმენტის შესაჯერებლად.

„ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ, პირველი – აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, მეორე – დავიცვათ დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ქვეყანაში და მესამე – ის ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან, ან მათ მემკვიდრე ორგანიზაციებთან, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაცილოთ ქართულ სახელმწიფოსთან ყოველგვარ კონტაქტს. ასეთ ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ მიიღონ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ქვეყნის მართვას. ასევე, არ უნდა იყვნენ შემხებლობაში მნიშვნელოვან საკითხებთან, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით კეთდება – იქნება ეს საგანმანათლებლო თუ კვლევითი საქმიანობა, თუ იქნება სახელმწიფო შესყიდვები.

საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ყოველთვის ვიღაცეებისთვის ცდილობდა აგენტის იარლიყის მიწებებას, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთხელ და სამუდამოდ ობიექტური, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესის შედეგად ნამდვილად ვიცოდეთ, ვინ თანამშრომლობდა საბჭოთა და მათ მემკვიდრე სამსახურებთან და დავადგინოთ ეს ისტორიული სიმართლე. საამისოდ ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ისტორიკოსი, განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ლუსტრაცია უნდა მოხდეს არა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის – რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს უპირატესობა, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე.

„ვფიქრობ, ლუსტრაცია საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავარკვიოთ, საბჭოთა კავშირში ვინ თანამშრომლობდა სპეცსამსახურებსა და პროპაგანდასთან, არამედ იმისათვისაც, რომ არასდროს არ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა მაშინ და რაც ხდება დღეს. იმიტომ, რომ დღესაც სპეცსამსახურები მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების დაშინებაში.

ისინი განსაზღვრავენ დღევანდელი მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, უნივერსიტეტის პროფესორების, ხელოვანების, ჩვეულებრივი მშრომელების ბედს. ისინი წყვეტენ, ვინ დაწინაურდება და ვინ არა და ა.შ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს. ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და დღესაც, სადაც ხდება ადამიანის უფლებების შელახვა, უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სიმონ ჯანაშიამ.

კანონპროექტის მოკლე აღწერა „თავისუფლების მოედანმა“ განმარტებითი ვიდეოს სახით გამოაქვეყნა. 

როგორც აღნიშნულ ვიდეოშია განმარტებული, პარლამენტში შეიქმნება ეროვნული მეხსიერების საბჭო. ამ საბჭოში შევლენ წევრები მთავრობიდან, პარლამენტიდან, სასამართლოდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.

საბჭო შეისწავლის და სისტემატიზაციას მოახდენს ყოფილი საბჭოთა უშიშროების ორგანოების, აგრეთვე, კომუნისტური პარტიისა და სხვა ტოტალიტარული ორგანიზაციების არქივებს.

გამოვლინდებიან ის ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდნენ და ჩამოთვლილ ორგანოებთან მოხალისეობრივად ან იძულებით თანამშრომლობდნენ. საბჭო ხელს შეუწყობს ისტორიული ცნობიერების ამაღლებას, კვლევებს, საზოგადოებრივ დისკუსიებს.

ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული იქნება, „ეროვნული მეხსიერების საბჭოს“ სრულად გაუხსნას ხელმისაწვდომობა ყველა შესაბამის საარქივო მასალაზე. საბჭო ასევე ითანამშრომლებს მოკავშირე ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. განხორციელდება არქივების სრული ინვენტარიზაცია, გაციფრულება და უსაფრთხოდ შენახვა, მასალის განადგურების ან მიჩქმალვის თავიდან ასაცილებლად.