აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე დღეს საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი დაიკითხა.
მისი დაკითხვა თითქმის 5 საათს გაგრძელდა. ადვოკატებს მასთან შეკითხვები ჰქონდათ საქმის კვალიფიკაციაზე, საქმეში არსებულ ვიდეოებზე, ექსპერტიზის დასკვნებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად ყოველმხრივ და სრულყოფილად წარმართა მან გამოძიების ეტაპი.
ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს შორის გამომძიებელმა ცალსახად და არაერთხელ აღნიშნა ერთი მთავარი გარემოება, რომ – აღნიშნული საქმის ბრალდებულებსა და ე.წ. ორგანიზატორებად მოაზრებულ პირებს შორის პირდაპირი კავშირი დადგენილი არაა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს გამოძიება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
„პუბლიკა” გთავაზობთ დაკითხვიდან იმ ამონარიდებს, სადაც გამომძიებელი სწორედ აღნიშნულ გარემოებებზე საუბრობს:
ომარ ფურცელაძე, ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატი:
– ადვოკატი: თქვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან, თუნდაც ერთზე ნიმუშად ხომ არ შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელი მიუთითებს ჯგუფურობის ან ორგანიზებულობის ნაწილზე?
– გამომძიებელი: ამ სისხლის სამართლის საქმეზე არის ძალიან ბევრი ვიდეო, სადაც ჯგუფურად ჩანს რამდენიმე პირი, რომელიც ერთად ახორციელებს ძალადობრივ ქმედებას, მათ შორის ბრალდებულები, მათ შორის დაუდგენელი პირები და სწორედ აღნიშნული ქმნის ჯგუფურობას.
– ადვოკატი: და ორგანიზებულობის ნაწილში რომ გვითხრათ, რომელიმე მტკიცებულება.
– გამომძიებელი: ამაზე უკვე გითხარით, ორგანიზებულობაზე. აქციას ჰყავდა ძალიან ბევრი ორგანიზატორი.
– ადვოკატი: არა, ამას არ გეკითხებით… მე მინდა მითხრათ [ამ საქმეში]…
– გამომძიებელი: [ამ საქმეში ორგანიზატორი არ არის გამოვლენილი, არ არის პასუხისგებაში მიცემული].
ირაკლი ჩომახაშვილი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატი:
– ადვოკატი: თქვენთვის ცნობილი არ არის გიორგი ტერიშვილს ე.წ მეგობრებში, კონტაქტებში ჰყავს თუ არა თქვენ მიერ ე.წ ხელმძღვანელი ან ჯგუფის წევრი, ხომ ასეა?
– გამომძიებელი: ჯერჯერობით, დადგენილი არ არის კონკრეტულ საქმეში ორგანიზატორი, შესაძლებელია ჰყავდეს.
…
– ადვოკატი: ჯგუფის წევრებთან, ვისაც ედავებით იქიდან, გიორგი ტერიშვილი რომელიმეს იცნობს თუ არა?
– გამომძიებელი: შესაძლებელია, ნებისმიერს იცნობდეს.
– ადვოკატი: თქვენ გაქვთ თუ არა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, რომლითაც დადასტურდება, რომ ტერიშვილი იცნობს ჯგუფის წევრს ან ორგანიზატორს?
– გამომძიებელი: ამ შეთხვევაში პირდაპირი კონტაქტი დადგენილი არ არის.
…
ადვოკატის შეკითხვები ასევე შეეხებოდა ტელეფონებზე დანიშნულ ექსპერტიზას, რისი დასკვნაც ამ ეტაპზე კი გამოძიებას მიღებული არ აქვს.
„28 ნოემბრიდან მოყოლებული აქციას ჰყავდა ძალიან ბევრი ორგანიზატორიც და მონაწილეც. რომელთა ვინაობაც ზოგის დადგინდა, ზოგის ვერ დადგინდა. ეს საქმეები არის გამოყოფილი, მეორე გამოყოფილ საქმეში არიან ორგანიზატორები. რაც შეეხება კონკრეტული პირდაპირი კავშირის დადგენას, ამ მიმართულებით ამოღებულია ბრალდებულთა ტელეფონები, თუნდაც აქედან გამომდინარე შესაძლებელია კავშირის დადგენა ორგანიზატორთან… რომ ამოარქივდეს ტელეფონში არსებული ინფორმაცია”, – აღნიშნა ხუნაშვილმა დასაწყისში.
ადვოკატების შეკითხვის პასუხად მან აღნიშნა, რომ ე.წ. დაჩქარების წერილი საექსპერტო დაწესებულებასთან არ გაუგზავნია, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დანიშვნიდან რამდენიმე თვეა გასული. მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა დასკვნა უახლოეს დღეებშიც იყოს.
ირმა ჭკადუა, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატი:
ადვოკატი: მაინტერესებს, დაადგინეთ თუ არა კონკრეტულად რომელ ორგანიზატორთან ჰქონდა კავშირი ვალერი თეთრაშვილს?
გამომძიებელი: კონკრეტულად ვალერი თეთრაშვილის შემთხვევაში, როგორც გითხარით, ეს შეიძლება დადგინდეს ისევ და ისევ ტელეფონის ექსპერტიზით თუნდაც. ვალერი თეთრაშვილის კონკრეტულად პირდაპირი კავშირი ორგანიზატორთან ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
მოსამართლე: სხვა ბრალდებულებთან მიმართებაშიც რომ გვითხრათ დასმულ შეკითხვაზე პასუხი.
გამომძიებელი: არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე პირი ჩანს. შესაძლებელია, რომ მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი, თუმცა ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი ამ შემთხვევაში არ ჩანს.
რუსუდან აგურაშვილი, ლუკა ჯაბუას ადვოკატი
– ადვოკატი: რა მტკიცებულება გაქვთ, რომ ლუკა ჯაბუა ორგანიზებულ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას?
– გამომძიებელი: აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არიან პასუხისგებაში მიცემულები ორგანიზების მუხლითაც… პირდაპირი კავშირი არ არის დადგენილი, თუმცა ნებისმიერი ორგანიზატორების მიერ გაკეთებულ მოწოდებებს, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ლუკა ჯაბუაზე.
– ადვოკატი: შესაძლებელია, ხომ და არა ფაქტი… ფაქტი თუ არსებობს ამის და არა შესაძლებლობა, რომ ლუკა ჯაბუა რაიმე სახის მოწოდებას დამორჩილებოდა ან რაიმე სახით კავშირი ჰქონოდა ვინმეს მოწოდებაზე ან ვინმეს მიერ განხორცილებულ ძალადობაზე.
– გამომძიებელი: [აქციის] მიმდინარეობისას იყო არაერთი მოწოდება, რასაც ძალიან ბევრი მონაწილე ემორჩილებოდა.
– ადვოკატი: ლუკა ჯაბუა ემორჩილებოდა?
– გამომძიებელი: კონკრეტულად ვთქვი, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი კავშირი.
გუჯა ავსაჯანიშვილი, რევაზ კიკნაძის ადვოკატი:
ადვოკატი: ამ საქმის ფარგლებში დადგინდა თუ არა, რომ ყველა მოქმედებას ხელმძღვანელობდა და აორგანიზებდა – ზვიად ცეცხლაძე, კაძელაშვილი, კასრაძე?
გამომძიებელი: პირდაპირი კავშირი მათ შორის არ დადგენილა, თუმცა ნემისმიერ მათ მოწოდებას შესაძლებელია გავლენა მოეხდინა ბრალდებულებზე, გამომდინარე იქიდან, რომ…
ადვოკატი: თქვენ, როგორც გამომძიებელმა თუ დაადგინეთ ის, რომ მაგალითად რევაზ კიკნაძემ ეს მოწოდება ნახა?
გამომძიებელი: არა, არ დამიდგენია. ზუსტად არ ვიცი…
რევაზ აჭარაძე, ირაკლი ქერაშვილისა და ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი
რევაზ აჭარაძემ გამომძიებელს შეკითხვები ასევე დაუსვა ვასილ კაძელაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოზე. ვასილ კაძელაშვილის საქმე გაერთიანებულია აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეში. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.
შეგასხენებთ, რომ საუბარია ვიდეოზე, ფარულ ჩანაწერზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ facebook-გვერდზე დაიდო. ბრალდების მხარე ამ ვიდეოზე ამყარებს ნარატივს, რომ ეს ორი ბრალდებული – კასრაძე და კაძელაშვილი – გეგმავდა ძალადობრივ მოქმედებებს და რომ ამის დასტურია აღნიშნული ვიდეო.
რევაზ აჭარაძემ მთავარ გამომძიებელს ჰკითხა, თუ დავუშვებთ იმას, რომ აღნიშნულ ვიდეოში ნამდვილად ბრალდებულები არიან და მათი საუბარიც ძალადობის ორგანიზებას ეხება, რითი დგინდება, რომ ისინი საუბრობენ უშუალოდ აქციების დროს ძალადობაზე.
– ადვოკატი: რით დგინდება, სად იკითხება ეგ, რომ რუსთაველზე, პარლამენტთან ძალადობრივი ქმედებების [დაგეგმვაზეა] საუბარი.
– გამომძიებელი: საუბარში ასახული გარემოებებიდან გამომდინარე… რა სიტუაციაზე საუბრობს… კადრებშიც ჩანს, რომ პირებს აქვთ ატრიბუტები, რაც ამ აქციების დროს გამოიყენებოდა.
ადვოკატის ჩაკითხვის შემდეგ მოწმემ აღნიშნა, რომ ვიდეოში „პარლამენტის შენობა ნახსენები არ არის“.
– ადვოკატი: პარლამენტთან დგომა ხომ არ ნიშნავს, პარლამენტის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გეგმავდნენ… გასულ წლებშიც აქციებზე იგივე ჩაცმულობით იდგნენ აქციაზე მოქალაქეები… რომც დავუშვათ, რომ პარლამენტთან დგას ადამიანი და ამბობს, რომ მამადავითზე და წყნეთში უნდა განვახორციელოო ძალადობა, პარლამენტთან მიმდინარე ძალადობასთან რა კავშირშია?
– მთავარი გამომძიებელი: საერთო სიტუაციიდან გამომდინარე საუბრობენ, 200 კაცით დავხვდეთ სადმეო… ძირითადად, პოლიტიკური თანამდებობის პირები… პარლამენტარები გამოდიოდნენ თუნდაც პარლამენტიდან, შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ადგილი… კონკრეტულად პარლამენტის შენობას, როგორც მახსოვს, არ ახსენებენ…
– ადვოკატი: ბატონო არსენ, გადაჭრით შეგიძლიათ თუ არა თქვათ?
– გამომძიებელი: პარლამენტის შენობა ნახსენები არ არის.
– ადვოკატი: და არც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არ არის ნახსენები…
– გამომძიებელი: ნახსენები არ არის.
თორნიკე მიგინეიშვილი, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი.
– ადვოკატი: ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ წარმოდგენიულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ფრაზა: „შენ თუ ცოცხალი გაგიშვა, ნახე“, გინებები, ხელით ჟესტიკულაცია ანდროს მისამართით, ემუქრებოდნენ… როცა ეს ვიდეო ნახეთ, ამ ადამიანების მიმართ რა განახორციელეთ?
– გამომძიებელი: გიდასტურებთ, ნამდვილად ისმის, მეც მოვისმინე… რეაგირება უნდა მოყვეს, თუმცა რამდენად რეალურია, ეს უკვე გამოძიების დასადგენია [ამბობს მუქარაზე].
ნამდვილად ისმის ხმა, აღქმადია, თუმცა ამას ვინ ამბობს, ვერ დადგინდება… წარმოუდგენელია, არც პირის აპარატი ჩანს, ყველა დგას ზურგით, შესაბამისად, კონკრეტულად ვინ ახორციელებდა, ამის დადგენა წარმოუდგენელია.. თუმცა შესაძლებელია ამის დადგენა გამოკითხვებით და ა.შ. სხვა საგამოძიებო მოქმედებებით, რაც უნდა განხორციელოს სხვა სამსახურმა.
გიდასტურებთ, რომ ჩემ მიერ ყველა ეს საჭირო დოკუმენტი თუ ნივთმტკიცება, გადაგზავნილია ორჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
აღნიშნული მოწმის დაკითხვით, საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდა. საქმე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაზე გადავიდა.
როგორ აფასებენ ადვოკატები მთავარი გამომძიებლის ჩვენებას, ნახეთ „პუბლიკის” ვიდეო: