თბილისის სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მეორე ინსტანციაში გასაჩივრებულია „ბიტკოინების საქმეზე“ საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბაჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა „ბიტკოინების საქმეზე“, რატომ დატოვა ქვეყანა, როგორ დააბრუნეს საქართველოში და როგორ მოხდა საკანში მასზე თავდასხმა.
„ჩემ გარშემო პროცესები დაიწყო 2 წლის წინ. ჯერ კიდევ მაშინ რაღაც გარკვეული დემოკრატიის შირმა ჰქონდა ჩვენს მთავრობას შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემ წინააღმდეგ. ამ დევნის მიღმა რეალური მიზეზი არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება.
პირადი შურისძიებაა იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ანტიდასავლურ ქმედებებზე, რისთვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ბევრი თქვენი [მიმართავს მოსამართლეებს] და ბევრი ამ პატივცემულის [პროკურორი] კოლეგა არის სანქცირებული.
დღეს უკვე ყველა საერთაშორისო და საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის, სამწუხაროდ, სასამართლოსადმი ნდობა არის ძალიან დაბალ დონეზე.
მე, პირადად, ნული მაქვს მთელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობა, თქვენდამი პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად.
არ დარჩენილა არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც არ შეუფასებია ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის ჩვენებისა. ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია.
ამას დაემატა ისიც, რომ როდესაც მე, მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო 2 წლის განმავლობაში, თითქმის, მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, ციხეში შენს წამებას აპირებენო. გაგჭყლიტავ ციხეშიო, – პირდაპირ მასე თქვესო. ზუსტად ამ სიტყვების მერე გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, მომიწია ქვეყნის დატოვება.
და რა მოხდა ამის შემდეგ – თვალზე მეშოკჩამოფარებული მატარეს 2 დღე აბუ დაბისა და დუბაიში, არანაირი ადვოკატის, არანაირი მოსამართლის და პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ, ძალით, შემათრიეს „აირზენას“ თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. ყველანაირი კანონის დარღვევით მე თქვენს წინაშე ვდაგავრ მოტაცებული.
მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, მინდა, რომ ეს იცოდეთ. ასეა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურითა და თეთრი ფეხსაცმლით სადღაც მდინარეგადმოცურული, ესაა სიცრუე და ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. არც ერთი ადამიანი, არც მე არ დავკითხულვართ, არც ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულად ვცნობილვარ, არანაირი პროცედურა არ შემდგარა.
შემდგომ, როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში მომიწყვეს წამება 11 ივლისს. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი – პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი სხვა დაზიანება მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის არავის ჯერჯერობით და არც დაზარალებულად არ ვღიარებივარ. ამ ვაჟბატონის [პროკურორი] კოლეგები არანაირ მსვლელობას არ აძლევენ ამ საქმეს. ვითომ დაიწყეს გამოძიება, მაგრამ კამერა უნდა ამოიღონ, დაზარალებულად უნდა მცნონ. ვინ არის დაზარალებული მაშინ, მე თუ თავგატეხილი გამომიყვანეს იქიდან.
როდესაც სჭირდებოდათ, კამერების ამონაწერი რამდენიმე საათში გამოაქვეყნეს. ჩვენ მითვისების საქმეს კი არ განვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩემი დატყვევებისა და წამების საქმეს. მითვისებასთან არაფერი აქვს საერთო ამ საქმეს.
როდესაც ვამბობდი, რომ მთავრობა ამას ატრიალებდა ევროპისკენ, თვეებიც არ გასულა, გამოჩნდა ეს ყველაფერი. დაასანქცირეს ყველა, [პროკურორის] ორივე უფროსი დაასანქცირეს, სასამართლოს ხელმძღვანელები დაასანქცირეს. ტყუილად ხომ არ დაასანქცირეს? თუ „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის ყველას?
არაერთმა საერთაშორსო დამკვირვებელმა, არაერთმა საერთაშორისო იურისტმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს.
…დღევანდელი სისტემა ამ ბატონის [პროკურორის] უწყების თამადობით და სამწუხაროდ, თქვენი სხვა კოლეგების [მოსამართლეების] 21-ე საუკუნის საქართველოს „მხედრიონია“ და დღეს მე ვარ გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს.
წამებამდე 2 დღით ადრე ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა, ივანიშვილს გაუხსენი ყველა შენი საფულე, თორემ ხომ იცი, რანაირი ხალხი ზის ციხეშიო.
ახლა ისევ საქმეს დავუბრუნდები. საქმის დაწყებიდან გავიდა 7 წელი. ადამიანს, თურმე, მილიარდი მოპარეს და 7 წელი არ იცოდა, მენდობოდა. შემდგომ 7 წლის მერე დაიწყო საქმე და ვერც ერთი მტკიცებულებით ამას ვერ ამყარებს, გარდა თავისი და თავისი თანამშრომლების ჩვენებებისა…
სხდომები, რა თქმა უნდა, დახურულ რეჟიმში იმართებოდა ისე, როგორც აწყობდა პირადად ივანიშვილს. სასამართლომ წამართვა საბოლოო სიტყვის უფლება. მე ქვეყანასაც დავასახელებდი და ყველაფერს დავასახელებდი. მე არავინ არ მითხრა, რომ ქვეყანას თუ არ დაასახელებ, არ მოგცემ სიტყვის უფლებასო, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებდა ჩემი პოზიცია, კვირებით ადრე ჰქონდა გაწერილი გადაწყვეტილება.
თუ შეადარებთ ივანიშვილის ადვოკატის, რომელსაც ლიცენზიაც არ აქვს, ინტერვიუს და განაჩენს, პირდაპირ, ერთი ერთში წერია. ამ საქმეში, რასაც ივანიშვილი ამბობს, ეგ რომ სიმართლესთან ახლოს ყოფილიყო, ეს იქნებოდა სამოქალაქო საქმე.
ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო არა მარტო ჩრდილოვანი სტრუქტურები, არამედ სუსი და „აირზენა“ ბორტით, რომელზეც ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამკეტეს და წამომიყვანეს.
ციხეში მოხვედრიდან გარკვეული დროის შემდეგ, ჩემს წამებამდე კვირა-ნახევრით ადრე გამიწყვიტეს კავშირის უფლება გარესამყაროსთან. ჩემს ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მომცეს, თითქოსდა მოწმეებზე ზეწოლა რომ არ მოვახდინო. მანამდე 2 წელი, გარეთ რომ ვიყავი, მაშინ შემეძლო მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა, მაგრამ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ იპოვიდნენ, რომ მეცადა ვინმეზე ზემოქმედება, მაგრამ მაინც მოსახერხებლად ჩამიკეტეს გარეთ წვდომა. რატომ? იმიტომ, რომ, როცა შემოიყვანეს ის ნაძირალა ჩემ საწამებლად, ვერ დამერეკა. 63 საათს არ უშვებდნენ ადვოკატს ჩემთან. სახალხო დამცველთანაც არ მარეკინებდნენ. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, ჩემი სიმპტომები ამოიღეს „ფორმა 100-დან“, მე რასაც ვამბობდი. ხელში ამიყვანეს, უარს როცა ვამბობდი წამოსვლაზე და წამომათრიეს ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მოპყრობა…
…არც ერთ ეტაპზე ჩემ მიმართ სამართალი არ განხორციელებულა. მიდის გამოძალვა და ესენი არიან გამომძალველი „მხედრიონელების“ პირდაპირი წარმომადგენლები. დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, ნუ გახდებით ამ გამომძალველი, დანაშაულებრივი მანქანის იარაღი“, – მიმართა სასამართლოს გიორგი ბაჩიაშვილმა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა სომხეთის საზღვრის გავლით დატოვა. მან თქვა, რომ საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმის, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.
საგამოძიებო უწყებამ ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო და დააკავა მძღოლი, რომელმაც ის საზღვარზე გადაიყვანა.
27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რის შემდეგ ის დააკავეს. 29 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის აბუ დაბიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.
11 ივლისს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მასთან საკანში შევიდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც ჯერ გინება დაუწყო, შემდეგ კი ჩხუბზე გადავიდა. როგორც ბაჩიაშვილი აღწერს თავდამსხმელმა შუშის ჭიქა გადაამსხვრია თავზე, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.