შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლაში პაპუაშვილმა ისაუბრა „უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ხშირად პოლიტიკური მიზნით ჩარევისთვის გამოიყენება“. პაპუაშვილის თქმით, ეს ხშირად წარმოჩენილია როგორც დახმარება დემოკრატიულ განვითარებაში.

„სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, ზიანი მიაყენა როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები.

უფრო მეტიც, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.

თუმცა, ამ კონცეფციების, პრინციპებისა და პროცესების დეტალურ შესწავლას ძალიან არასასიამოვნო დასკვნამდე მივყავართ: უცხოური დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიპულირების გზით, დემოკრატიის არსი დაშორდა თავის თავდაპირველ განმარტებას – მმართველობა ხალხის მიერ შეიცვალა უცხოური მმართველობით…“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელიც „თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა“.

ვიხილეთ, როგორ განვითარდა, უცხოური მხარდაჭერით, უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება – ხალხთან. ამგვარი აზრობრივი მანიუპლაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ხალხად“ იქცნენ. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებულია არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე.

ის ფაქტი, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცვალეს, პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტების თავმჯდომარეთა რიგით მე-6 მსოფლიო კონფერენცია (IPU) ჟენევაში 29-31 ივლისს იმართება.

კონფერენციაში 100-ზე მეტი პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

კონფერენციაზე ჩასულია რუსეთის დელეგაციაც. ცოტა ხნის წინ უკრაინის უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთის დუმის სპიკერის გამოსვლას დემარშით შეხვდნენ.