დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ზედიზედ მესამედ წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა. მას პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
წარდგენის დროს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წარდგენის დროს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კალაძეს მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა.
„ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისი მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს, ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი, ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, – თქვა კობახიძემ.
შეკრებილებს მიმართა კალაძემაც. მისი თქმით, დღეს თბილისის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე 8 წლის წინ იყო. მან დაასახელა წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი და მთავარი დაპირება –
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“.
„დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“. ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე საუბარი. ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა, არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და აქაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სამომავლო საქმიანობაზე საუბრისას კალაძემ თქვა: „თბილისი, როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი, როგორც შესაძლებლობების ქალაქი – ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს“.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დანიშნული. 8 ოპოზიციური პარტია პროცესში არ ერთვება. „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ კი გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.