მდინარაძის თქმით, თურქეთში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო და არა რიჟვაძესთან შესახვედრად

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის თურქეთში იმყოფებოდა, თუმცა თორნიკე რიჟვაძე არ მოუნახულებია და არც კომუნიკაცია ჰქონია. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თურქეთში სამკურნალოდ 9 ივლისს გადაიყვანეს.

კითხვაზე პასუხად, იყო თუ არა თურქეთში და მოინახულა თუ არა თორნიკე რიჟვაძე, მდინარაძემ თქვა:

„არა, ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი. მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ხუთი დღით. [რიჟვაძესთან საუბარი არ გიცდიათ?] არა, არ იყო, ბელეკში [კურორტი] არ იყო თორნიკე რიჟვაძე, არცერთი წამით არ ყოფილა. ეს არის იმდენად ბინძური რაღაც, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ“.

„ტვ პირველის“ ეთერში ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, თურქეთში, სავარაუდოდ, რიჟვაძესთან შესახვედრად იყო წასული.

მდინარაძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვიათაც ის კახა კალაძესთან იყო დაპირისპირებული და თქვა, რომ „არც ერთი წამით კახას არ დაპირისპირებია“. რიჟვაძესთან დაკავშირებით მდინარაძემ თქვა, რომ კითხულობს მისი ჯანმრთელობის ამბავს:

„მე ვკითხულობ მის ამბავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და არის კარგად და ძალიან მიხარია ეს ამბავი. მე რაც ვიცი, შემიძლია უბრალოდ გავახმოვანო, არა გამოძიების კუთხით, არამედ რაც ჩვენი საერთო წრიდან გამიგია, რომ იმ საღამოს მასთან ერთად, მასპინძელთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ორი წევრი ოჯახის, ეს არის და ეს რაც შემიძლია გითხრათ“.


7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს, შემთხვევა საგარეჯოში, ახვლედიანის სახლში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.