5 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიას. ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.
ლოზოვაიას მერის სერგეი ზელენსკის განცხადებით, ეს იყო ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა.
„დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მაღალსართულიანი შენობები, კერძო სექტორი. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები – მათ შორის ორი ბავშვი“, – განაცხადა მერმა.
თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქის რკინიგზის სადგურიც. კომპანია „უკრზალიზნიცია“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპული მამაკაცი მორიგე მექანიკოსი იყო. მათივე ცნობით, რკინიგზის 4 მუშა დაშავდა.
დაბომბვის გამო შეიცვალა მატარებლების მარშრუტიც.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთმა 30-ზე მეტი „Герань-2“-ს ტიპის თავდასხმის დრონი გამოიყენა.