იდენტური პოსტები, თანხვედრა რუსულ ნარატივებთან —  ISFED-ის სოცმედიის მონიტორინგის ანგარიში

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ 2025 წლის პირველ კვარტალში სოციალურ მედიაში მოქმედ პროპაგანდისტულ მედიებს და ანონიმურ გვერდებს დააკვირდა.

შედეგად ორგანიზაციამ გამოკვეთა თანხვედრა მათ მიერ გავრცელებულ გზავნილებსა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის.

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული გვერდები ღიად უჭერდნენ მხარს „ქართულ ოცნებას“, ახდენდნენ პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების დისკრედიტაციას, აქტიურად ავრცელებდნენ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებულ ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიას და ცალკეული ევროპული სახელმწიფოების, დასავლური ქვეყნების ელჩებისა და ევროპელი პოლიტიკოსების საწინააღმდეგო განცხადებებს.

ძირითადი მიგნებები 

2025 წლის პირველ კვარტალში სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად 3 ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა:

  • პროპაგანდისტული მედიები და ანონიმური გვერდები ღიად ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებდნენ. კერძოდ, ვრცელდებოდა შეთქმულების თეორიები „დიფ სთეითის“ შესახებ, დასავლეთი ქვეყანაში არეულობის მოწყობასა და შიდა საქმეებში ჩარევაში იყო დადანაშაულებული, ხდებოდა ცალკეული დიპლომატების დისკრედიტაცია.
  • პროპაგანდისტული მედიების მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტები, ხშირ შემთხვევაში, იდენტური ან მსგავსი იყო. ტელევიზიების ფეისბუქგვერდებისა და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული გზავნილები თანხვედრაში მოდიოდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივებთან.შესწავლილი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ ფეისბუქის პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტები, ხშირ შემთხვევაში, შეიცავდა იდენტურ ან მსგავს აღწერილობას. მათ შორის, ერთნაირი ან მნიშვნელოვნად მსგავსი სათაურის მქონე პოსტების დამთხვევა ყველაზე ხშირად „ნიუსჰაბისა“ და „საინფორმაციო სააგენტო INFO 9“-ის ფეისბუგვერდებზე გამოვლინდა. სიტყვების 50%-ზე მაღალი თანხვედრის მიხედვით, მოცემულ ორ გვერდს შორის თანაკვეთამ 1 866 პოსტი შეადგინა. ურთიერთმსგავსი პოსტების რაოდენობით გამოირჩეოდნენ შემდეგი მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდებიც: „რეპორტიორი“ და მედიაჰოლდინგი „კვირა“, „იმედი“ და „ნიუსჰაბი“, მედიაჰოლდინგი „კვირა“ და “mkhare.ge”, „იმედი“ და „საინფორმაციო სააგენტო INFO9”, “InfoPostalioni. com” და მედიაჰოლდინგი „კვირა“.
  • პროპაგანდისტული მედიებისა და ანონიმური ფეისბუქგვერდების მიერ გავრცელებული გზავნილების ნაწილი თანხვედრაში იყო რუსული ქსელების მიერ გავრცელებულ ნარატივებთან. კერძოდ, შიდა და გარე აქტორები დასავლეთს ბრალს სდებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში. ამასთანავე, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ დასავლეთი აქციის მონაწილეებს ქუჩაში გამოსვლისთვის ფულს ურიგებდა. აღნიშნული აქტორები გარე ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც ადანაშაულებდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსული ანონიმური ქსელი ღიად უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ და მას ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ძალად წარმოაჩენდა.

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების დისკრედიტაცია

შესწავლილ გვერდებზე დისკრედიტაციის მთავარი სამიზნეები პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიები იყვნენ. ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ გზავნილებში მათ „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებდნენ და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არეულობის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ პოსტებში „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულ მედიების პოლიტიკურ მიკერძოებასა და სიცრუის გავრცელებაში სდებდნენ ბრალს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კამპანია

პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული გზავნილების ნაწილი 2024 წლის არჩევნების შედეგებისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას ისახავდა მიზნად. ამ კონტექსტში აქტიურად ვრცელდებოდა პარტიის ლიდერების საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ინფორმაციები. გავრცელებულ პოსტებში „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა დაბალანსებულად და ეფექტურად იყო წარმოჩენილი.

„იმედი“, „რუსთავი 2“ და „POSTV“ „ქართულ ოცნებას” მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტად წარმოაჩენდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პარტიის მიერ სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ ინტერპრეტირდებოდა, როგორც „სასჯელი” ქვეყნის დამოუკიდებელი კურსისთვის.

პროპაგანდისტული მედია უცხოურ პრეცედენტებზე დაყრდნობით მიზანმიმართულად ცდილობდა შიდა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებას. სლოვაკეთისა და უნგრეთის მაგალითზე ხდებოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და უმცირესობების წინააღმდეგ „ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონმდებლობის გამართლება.

ანტიდასავლური რიტორიკა

პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებდნენ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებულ ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიას. „დიფ სთეითისგავლენებთან იყო დაკავშირებული საქართველოს უკრაინის ომში ჩართვის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი და საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი.

ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა ნარატივი, თითქოს ევროპულ გაერთიანებას საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა.

მედიების გვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა ცალკეული ევროპული სახელმწიფოების საწინააღმდეგო განცხადებები; ბალტიისპირეთის მხრიდან დაწესებული სანქციები დაკავშირებული იყო „დიფ სთეითისგავლენებთან; გერმანიას ბრალს სდებდნენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში; დიდი ბრიტანეთის საწინააღმდეგო კამპანიას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიციატივა ედო საფუძვლად, ქვეყანას „დიფ სთეითის“ გავლენით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში სდებდნენ ბრალს; საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ძალადობის წახალისებაში ედებოდათ ბრალი სხვადასხვა დასავლური ქვეყნის ელჩებს.

პროპაგანდისტული მედიები აშუქებდნენ განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც ამერიკული და ევროპული დაფინანსების მიზანი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევა და დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო.

მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდებზე ვრცელდებოდა, ერთი მხრივ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, მეორე მხრივ კი – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის, „მეგობარი აქტისა“ და ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის საწინააღმდეგო განცხადებები.

პროპაგანდისტული მედიების გვერდებზე უკრაინის საწინააღმდეგო რამდენიმე გზავნილი ვრცელდებოდა: „დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას ომი დააწყებინეს და მიატოვეს“; „უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში ვერ გაწევრდება“; „უკრაინა ომში მარცხდება და ნადგურდება“; „ზელენსკი შეუფერებელი ლიდერი და არაპატივსაცემი პოლიტიკური ფიგურაა“.

რუსული საინფორმაციო მანიპულაციები და ჩარევები

საანგარიშო პერიოდში რუსეთი ორ ძირითად საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებდა ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედი ქსელისა და რუსული PRAVDA-ის ქართულენოვანი ვებსაიტის საშუალებით.

ფეისბუქზე მოქმედი ანონიმური ქსელისა და PRAVDA-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიების ნაწილი ენობრივად გაუმართავია, რაც ქმნის ვარაუდს, რომ ტექსტები სხვა ენაზე მომზადდა, შემდეგ კი ავტომატურად ითარგმნა.

როგორც რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელი, ასევე PRAVDA-ის ეკოსისტემა, ავრცელებდა გზავნილს, რომ აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მსგავსად, დასავლური ფონდები და ევროკავშირი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და რევოლუციის მოწყობას აფინანსებდნენ; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რევოლუციურ სცენარში ჩართულობაზე მიუთითებდნენ რუსი მაღალჩინოსნებიც; რუსული ქსელი დასავლეთის ქვეყნებსა და დიპლომატებს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობასა და ხელისუფლებაზე ზეწოლაში სდებდა ბრალს, მათ შორის, სანქციებზე მითითებით.

ანონიმურად მოქმედ გვერდებზე პრორუსული განწყობების გაღვივება ხდებოდა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ, კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ კავშირებზე მითითებით. აქცენტი კეთდებოდა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

აქციების დისკრედიტაციის მიზნით რუსული ქსელი, PRAVDA და რუსეთის საგარეო დაზვერვა ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი აქციის მონაწილეებს ქუჩაში გამოსვლისთვის ფულს ურიგებდა. ანონიმურმა რუსულმა ვებგვერდმა მტკიცებულებად POSTV-ის მიერ გავრცელებული კადრები მოიყვანა; ვრცელდებოდა გზავნილები, რომ პროტესტი უმიზნო იყო, ხალხის მხარდაჭერა დაკარგა და აქციების მუხტი USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის გამო მინელდა.

რუსული ქსელი ოპოზიციასა და მედიებს ბრალს სდებდა დასავლეთის დაფინანსებითა და მათთან კოორდინაციით რევოლუციის მოწყობის მცდელობაში; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი – გაუმჭვირვალობაში.

რუსული ანონიმური ქსელი მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და პარტიას ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ, ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგთან დაპირისპირებულ ძალად წარმოაჩენდა, რომელიც დასავლურ ჩარევებს ებრძოდა; რუსული ქსელის მიერ ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმაციაც.