აღსრულება „ლელოზე": ყადაღა ვრცელდება მხოლოდ განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს

პუბლიკა

აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ „ლელოს” ანგარიშზე მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხა დაუყადაღა, რაც არ აღემატება 1500 ლარს.

პარტიამ დღეს განაცხადა, რომ აღსრულების ბიურომ მათი ანგარიში დააყადაღა.

ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ანგარიშის დაყადაღება უკავშირდება 2022 წლის სასამართლო დავას – „გორში გვქონდა სასამართლო დავა კასპის ცესკოსთან და ბაჟი არ გადაიხადეთო, 130 ლარი, 2022 წელს. არადა გადახდილი გვაქვს, რა თქმა უნდა, ისე სარჩელს ვინ მიიღებდა“.

აღსრულების ბიუროს განცხადებით:

„ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ  ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით”.