„საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს, სტიგმა გააძლიერეთ ფსიქიატრიის მიმართ“ - ნინო დათაშვილი

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი, ნინო დათაშვილი გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამ შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება დაცვის მხარის მიერ წარდგენილ სამედიცინო ჩანაწერებს, რომელშიც მკაფიოდ არის მითითებული, რომ ნინო დათაშვილს რთული ფიზიკური მდგომარეობის – ხერხემლის დაზიანების გამო ჰქონდა მომატებული ემოციები.

დათაშვილმა თქვა, რომ ბრალდების მხარემ სტიგმა გააძლიერა ფსიქიატრიის მიმართ და ხალხს „საბჭოთა კოშმარი“ გაუცოცხლა. მან გაიხსენა, რომ სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ, როცა გაწერეს, ემოცია ჰქონდა – „იმიტომ, რომ მყავდა არასრულწლოვანი შვილი და თავისთავად ვნერვიულობდი“.

ნინო დათაშვილმა ამ თემასთან დაკავშირების სხდომაზე თქვა:

„ეს განჩინება როცა მომიტანეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარების შესახებ, არ ვიცი, ეს ჩემთვის არის სამარცხვინო ფურცელი დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლოს ისტორიაში. იმიტომ, რომ ასეთი რამე არ მახსოვს,  სასამართლოში მონაწილეობის უფლების საშუალებაც არ მომცეს, ჯერ ერთი; მეორეც, არის რეპრესია ჩვენს მიმართ, ადვოკატების მიმართ განსაკუთრებით. იმიტომ, რომ ადვოკატებზე აწარმოვეს პროპაგანდა. პენიტენციურ დაწესებულებაში ახლა წამოსვლის წინ მითხრეს, რომ ჩემმა ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მე მაინტერესებს რომელმა თქვენგანმა მოითხოვეთ ჩემი ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ასევე, პროკურატურას ეკითხა ჩემთვის, იქნებ მინდოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რა ვიცი, პენიტენციურ დაწესებულებაში კვირაში ორჯერ ვბანაობ, იქ ყოველდღე ყოფილა ბანაობა და ვიბანავებდი ყოველდღე მაინც, გეკითხათ.

ადამიანებო, ეს არის წამებასთან გათანაბრებული იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ყველანაირი უფლებების დარღვევა მოხდა ჩემს მიმართ, მაგრამ ამან ყველაფერს გადააჭარბა თავისი მასშტაბით. მინიმუმ არაკომპეტენტურობაა, დაგუგვლა შეიძლება, რა არის ემოციური ლაბილობა.

წარმოვადგინე სამედიცინო ცენტრ „სინოვას“ გაცემული ფორმა 100, რომელიც აქვთ ადვოკატებს,  ერთი არის, როცა გამომწერეს ოპერაციის შემდგომ, ეს არის მკურნალი ექიმის მიერ შაბლონურად ჩაწერილი ფრაზა, იმიტომ, რომ ოპერაციის შემდეგ ხარ… ხარ გაჭრილი, სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ გამომწერეს და მქონდა ემოცია, იმიტომ, რომ მყავდა არასრულწლოვანი შვილი და თავისთავად ვნერვიულობდი. […] შემდეგ, 31 მაისს, 05.2019 არანაირი ფსიქო-ემოციური ლაბილობა იქ არ წერია, მიუხედავად იმისა, რომ 4 თვეში უკვე მე ხელმეორედ საოპერაციო ვიყავი. იქნებ შეგედარებინათ. […]

მკურნალი ექიმები და ნეიროქირურგები ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ წერენ, ესეც იგუგლება. ფსიქიკურ დიაგნოზს წერს ფსიქიატრი ან ნევროლოგი, იგუგლება ესეც ჩვეულებრივ. არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით თქვენ რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს, სტიგმა გააძლიერეთ ფსიქიატრიის მიმართ, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობა, მე როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვამბობ ამას და როგორც მოქალაქე. ძალიან ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე და ფსიქოთერაპიაზე…. ძალიან ბევრ ადამიანს კლინიკაში სჭირდება, თავისი ნებით მიდის და ეუბნებიან, რომ ადგილი არ აქვთ. ძალიან ბევრი მოსწავლე, მოზარდი და ბავშვი გადამიმისამართებია მე ფსიქიატრთან, რადგან სჭირდებოდა მოსწავლეს თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მყავს მადლიერი მოსწავლეების მშობლები. არანაირი პრობლემა ფსიქიატრიასთან მე არ მაქვს.

მადლობა ჩემს მეგობრებს, ვინც მეტი ილაპარაკეთ იმაზე, რომ არ შეიძლება ეს სტიგმა გავაძლიეროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, მადლობა თქვენ, იმიტომ, რომ ძალიან ვნერვიულობდი ამ თემაზე, ისედაც ჩვენთან არის ეს სტერეოტიპები და ეს დამოკიდებულება ფსიქიატრიის მიმართ და ჩემს შემთხვევაში ისე დაემთხვა და ისე გასაჯაროვდა ეს ამბავი, არ მინდოდა ამის ხელშემწყობი ვყოფილიყავი.

გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა ჩემი სამედიცინო დოკუმენტაცია იმიტომ წარადგინეს აქ, რომ ამის ფრიალი არ გვინდოდა. ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემებია და პროკურატურამ იძულებული გაგვხადა, მეც და ადვოკატებიც, რომ ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები გამხდარიყო საჯარო და განხილვის საგანი. […] ასევე მინდა, მოგახსენოთ, მე არანაირი შეღავათს არ ვითხოვ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ და გირაო პირველ სხდომაზე იმიტომ მოვითხოვე, რომ ჩემს აბიტურიენტ შვილს მინდოდა, რომ დედა რამდენიმე კვირა ჰყოლოდა გვერდით“.