გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ 6 პირი დააკავა

პუბლიკა

გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ 6 პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა დ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს.

წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დაპირისპირებული მხარეები, თანმხლებ პირებთან ერთად მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ. განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას, დანაშაულში ბრალდებულმა პირებმა ლ.ნ.-სა და მისი თანმხლები პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და ქვედა კიდურების არეში დაჭრა ლ.ნ.-ს ძმა, დ.ნ. და მისი მეგობარი, ე.ნ. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შემდეგ, ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დ.გ.-ს სარდაფში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „Molot Arms“ -ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 236-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.