ცესკომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსზაღვრა

პუბლიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და „კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე მიმართეს, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რის გამოც მათი საარჩევნო ნომრები „წილისყრაში იქნება გათამაშებული.”

წილისყრის მიხედვით, საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.

„4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.

კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება; ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა. ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა. შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“

№2 – „დემოკრატთა ალიანსი“

№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“

№4 – „ქართველ ერთობა“

№5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

№6 – „მესამე გზა“

№7 – „თავისუფალი საქართველო“

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№9 – ძლიერი საქართველო-ლელო

№10 – „მემარცხენე ალიანსი“

№11 – „საქართველო“

№12 – „მწვანეთა პარტია“

№13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№14 – „სახალხო ხელისუფლება“

№25 – „გახარია საქართველოსთვის“

№36 – „გირჩი“

№41 – „ქართული ოცნება“