„არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან“ - კალაძე ავარიულ სახლებზე

პუბლიკა

„არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია“, ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე და განმარტავს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება.

როგორც კალაძე ამბობს, რადგან საკუთრების უფლებას კანონი განსაზღვრავს, მუნიციპალიტეტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ძალით არავის გამოიყვანს.

„მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაც ძალით გამოვიყვანოთ თავისი სახლიდან და საცხოვრებელი ფართი დავუნგრიოთ. ამ საკითხზე იყო გარკვეული სპეკულაციები და მაგალითად მოჰყავდათ კერძო საკუთრებაში შეჭრილი ადამიანების გამოყვანა ან სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი.

ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, მუნიციპალიტეტს, არ გვაქვს ამის უფლება, არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია, იძულებით გამოვიყვანოთ“, – ამბობს კალაძე.