ივანიშვილის ადვოკატი: ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მითვისებულ ბიტკოინებს

პუბლიკა

ბიტკოინების საქმეზე“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას“.

საქმე ეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას – პაატა სილაგაძის, დავით მამისეიშვილისა და გიორგი კურატიშვილისგან შემდგარმა მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს 8986.8660 ბიტკოინი უნდა გადაუხადოს, რაც ახლა 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

თეიმურაზ წიქვაძე ამბობს, რომ „გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით, ის იყო ინვესტორი, თუმცა მტკიცებულებები (მათ შორის მისი პირადი მიმოწერაც) ადასტურებს, რომ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტორი იყო ივანიშვილი, ხოლო ბაჩიაშვილის წილი შეადგენდა მხოლოდ 1.3 მილიონს”.

საქმეში გამოძიება ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გიორგი ბაჩიაშვილის ინვესტორი და ამ ინვესტიციის – 5 მილიონი ლარის საფუძველზე შეძლო ბრალდებულმა ბიტკოინის მაინინგ-ფერმის შექმნა, თუმცა შემდეგ ბაჩიაშვილმა ივანიშვილს მოგება დაუმალა.

თავად გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტორი იყო და ამბობს, რომ ეს თანხა მან „ქართუ ბანკიდან” სესხად აიღო. მისივე თქმით, „ქართუს” დაუბრუნა და გადაუხადა სესხის თანხა პროცენტთან და მოგების 30%-თან ერთად. ივანიშვილი ამბობდა, რომ მაინინგ-ფერმაში მთლიანობაში 6 მილიონ 300 ათასი დოლარი ჩადო, აქედან 1 მილიონ 300 ათასი დოლარი იყო მისი და მისი ოჯახის თანხა, ხოლო 5 მილიონი – „ქართუსგან” აღებული სესხი.

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სესხის დაბრუნების შემდეგ „ქართუსთან” საქმე დაიხურა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.

გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთ პროცესზე წარმოადგინა მისი და ბიძინა ივანიშვილის ლაპარაკის აუდიოჩანაწერიც. ბაჩიაშვილის თქმით, ჩანაწერი 2015 წლის 30 ივლისს არის გაკეთებული, ის ივანიშვილს ბიტკოინის მუშაობის პრინციპს უხსნის. მისი განცხადებით, იმავე დღეს, ტელეფონით საუბრის შემდეგ „ქართუ” ბანკმა ბაჩიაშვილს 5-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა. „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი და მისი ადვოკატი ამბობდნენ, რომ ჩანაწერის ავთენტურობა საზღვარგარეთ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა.

დაზარალებულად მიჩნეული ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქორიძე დღეს,14 აგვისტოს ამბობს, რომ „ბაჩიაშვილმა შეცვალა და ურთიერთსაწინააღმდეგოდ წარმოადგინა საკუთარი განმარტებები, უარყო ადრე მიცემული ჩვენებები და დოკუმენტების გამოკვლევაზე თანხმობა”.

მისივე მტკიცებით, „გერმანული ექსპერტიზით“ შემოწმებული აუდიოჩანაწერი არაავთენტურია და არ ადასტურებს მის ინვესტორობას“.

წიქორიძის თანახმად, „სააპელაციო განხილვის ეტაპზე გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა, რომ დეფოლტის (წარუმატებელი გარიგების) შემთხვევაში რისკს ბანკი აიღებდა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ 5 მილიონ დოლარზე ინვესტორი და რისკის მატარებელი თავად არ იყო”.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდადებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის მაინინგის გარიგებაში, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ 1 305 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რომლის მობილიზაცია მან მოახდინა და არა 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია მაინინგის კონტრაქტში.

კერძოდ, 2016 წელს ერთ-ერთ კრიპტობირჟასთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნაწარმოებ მიმოწერაში, მსჯავრდადებული აღნიშნავს, რომ მან დააფინანსა ქართული ბიტკოინის მაინინგის სტარტაპი (ანუ ახალი, გამოცდილების არმქონე კომპანია), ხოლო მისი მონაწილეობის ოდენობა/მოცულობა იყო 1 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში. აქ პირდაპირ საუბარია კომპანიაზე, რომელმაც ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია საბანკო კრედიტის გაცემის გზით, 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ანუ პირდაპირ აღიარებს მსჯავრდადებული ოფიციალურ მიმოწერაში, რაც უკავშირდებოდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებს (,,AML/KYC პროცედურა“), იმას, რასაც ამტკიცებს დაზარალებული მხარე, რომ ბაჩიაშვილი არ წარმოადგენს ინვესტორს 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში.

ბაჩიაშვილი შეეცადა, რომ აღნიშნული გაემართლებინა იმით, რომ სტარტაპ კომპანია ცალკე იურიდიული პირია, ხოლო მიმოწერაში მხოლოდ საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებით ახდენდა თურმე კომუნიკაციას კრიპტობირჟის წარმომადგენელთან. აღნიშნული ტყუილიც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან საქმეში, მათ შორის, ინახება სხვა მტკიცებულება, 2017 წლის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნაწარმოები მიმოწერა (ანუ მას შემდეგ, რაც 2016 წელს უკვე დაადასტურა მსჯავრდადებულმა მისი მონაწილეობის მოცულობა მაინინგის გარიგებაში) იგივე კრიპტობირჟასთან, სადაც ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ მას არ გაუმიჯნავს მისი პირადი და კომპანიის ფინანსები და ის და კომპანია უნდა განიხილონ „როგორც ერთი“, ფინანსების წყაროს თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ და არაორაზროვნად ადასტურებენ (თანაც ამას აკეთებს თავად ბაჩიაშვილი) იმ ფაქტს, რომ ბანკიდან სესხის სახით გაცემული 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი.

ფაქტობრივად, ბაჩიაშვილმა არც ფინანსური რისკი აიღო, არც უზრუნველყოფა წარუდგენია, არც კომპანიის სტრუქტურაში ყოფილა კრედიტის აღების პერიოდში, ხოლო ინვესტიცია და რისკი მთლიანად ივანიშვილმა იტვირთა“, – აცხადებს თეიმურაზ წიქვაძე.